რიგაში გამარჯვების პარკში მდებარე საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლის კვარცხლბეკის დემონტაჟი დაიწყო.
Delfi-Латвия-ს ინფორმაციით, პარკში სპეცტექნიკა მიიტანეს. ობიექტის ტერიტორია შემოსაზღვრულია. ადგილზე დილიდან მორიგეობენ სახელმწიფო პოლიციისა და რიგის მუნიციპალური პოლიციის თანამშრომლები.
ძეგლის დემონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები გუშინ, 22 აგვისტოს დაიწყო, რა დროსაც მონუმენტის სიახლოვეს ძეგლის აღების მოწინააღმდეგე დაახლოებით 50 ადამიანმა მოიყარა თავი. პოლიციამ მათ შეკრების ადგილის შეცვლისკენ მოუწოდა. დააკავეს შვიდი პირი. აქცია ერთ საათში დაიშალა
გამოცემა "Европейская правда"-ს თანახმად, რიგის მერიას აქციის გამართვის უფლების მოთხოვნით პარტია „ლატვიის რუსულმა კავშირმა“ მიმართა, რომელსაც უარი ეთქვა. თუმცა, მათ შეკრება მაინც დაიწყეს. ძეგლის სიახლოვეს მყოფ არასანქცირებული აქციის მონაწილეებს მოგვიანებით ახალგაზრდების ჯგუფი მიუახლოვდა. მათ ხელში ეჭირათ ლატვიის დროშები და პლაკატები წარწერით: „ჩემოდანი-სადგური-რუსეთი“. მათსა და აქციის მონაწილეებს შორის დროდადრო შეხლა- შემოხლა იწყებოდა.
"Интерфакс"-ის ცნობით, არასანქცირებული შეკრების, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ათი საქმეა აღძრული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მონუმენტთან მისულ პირებს დააკვირდებიან და იმოქმედებენ ვითარების შესაბამისად.
ცნობილია ასევე, რომ პარკის თავზე დაკეტილია საჰაერო სივრცე და დრონების გაშვების მცდელობა აღიკვეთება.
სსრკ-ს დროს საბჭოთა არმიის ჯარისკაცების პატივსაცემად დადგმული ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება რიგის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მაისის შუა რიცხვებში მიიღეს. ლატვიის საზოგადოების ნაწილი მას საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოდ მიიჩნევს და მის აღებას ემხრობა. ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ძეგლის აღების წინააღმდეგია. ისინი მიიჩვევენ, რომ ძეგლი უკვდავყოფს ნაციზმისგან რიგის განმათავისუფლებელთა ხსოვნას.