დანაღმული სამოთხე და ნახშირის ჯოჯოხეთი - რუსეთი უკრაინის გარემოს ანადგურებს

„ეს ომი იქნება დოკუმენტურად ყველაზე უკეთ აღწერილი ომი“, - ასე ამბობენ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმების, ომის დანაშაულების, სამრეწველო საწარმოებისა და დასახლებების ინფრასტრუქტურის განადგურების მტკიცებულებების შეგროვებასთან დაკავშირებით. ეკოლოგები, ბიოლოგები, უკრაინის ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე აგროვებენ ინფორმაციას მიყენებული ზიანისა და ზარალის შესახებ. უკრაინის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი ამჟამად 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს. უკრაინა აპირებს ეს ანგარიში წარუდგინოს რუსეთს, განადგურებული ქალაქების, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის რეპარაციის მოთხოვნასთან ერთად.

უკრაინელი გარემოს დამცველები ამბობენ, რომ საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რაც განადგურდა ან დაზიანდა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, არამედ 2014 წლის შემდგომ პერიოდზეც. რუსეთთან ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებმა და მოხალისეებმა შეიმუშავეს ზიანის დადგენის მეთოდოლოგია. „საუბარია არა ზიანის ფულად გამოხატულებაზე, არამედ ზიანის, მისი ტიპისა და წარმოშობის დადგენაზე“, - ამბობს ბიოლოგი ოლექსი ვასილიუკი, უკრაინის გარემოსდაცვითი ჯგუფის დამფუძნებელი:

„ეკოლოგებისთვის უფრო ადვილია ინფორმაციითა და დასკვნებით ოპერირება, ვიდრე სახელმწიფოსთვის, რომელმაც უნდა დაითვალოს ზარალი. დასკვნების გასაკეთებლად ეკოლოგებს სჭირდებათ ხარისხობრივი და არა რაოდენობრივი ინფორმაცია. აფეთქდა ნავთობის ბაზა - ეს ნიშნავს გარემოს ფართომასშტაბიან დაბინძურებას. ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ რამდენი საბრძოლო მასალა დაიხარჯა, არ ვიცოდეთ რამდენი საწვავი დაიწვა, რათა ვთქვათ, რამდენია ზარალი და რა კომპენსაცია უნდა იყოს გადახდილი“.

პუბლიკაციები მედიაში, სოციალურ ქსელებში - ეს არის მონაცემების შეგროვებისა და შევსების ძირითადი წყარო ომის გარემოსდაცვითი დანაშაულების ინტერაქტიული რუკისთვის, რომელიც გააკეთა უკრაინულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ეკოდიამ“. მისი ხელმძღვანელი ნატალია გოზაკი ამბობს, რომ უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემები გარემოსდაცვითი დანაშაულების რაოდენობის შესახებ ბევრად აღემატება „ეკოდიას“ მონაცემებს:

„მათ აქვთ ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელია ღია წყაროებით, რაც იძლევა გამოძიების წარმატების იმედს. რუსეთს მოუწევს ზიანის ანაზღაურება“.

„ეკოდიას“ ინტერაქტიულ რუკაზე 450-მდე შემთხვევაა, როდესაც ბუნებას ზიანი მიადგა სამხედრო ოპერაციების შედეგად. უკრაინის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო აწარმოებს ყოველდღიურ მონიტორინგს ამგვარ საგანგებო შემთხვევებზე და სააგენტოს ონლაინპანელი შეიცავს ინფორმაციას 1700-ზე მეტი ასეთი ფაქტის შესახებ.

ზიანი არა ფულებში, არამედ ქვაბულების ზომებში

ოლექსი ვასილიუკი არის კვლევითი პროექტის „ნაკრძალი ტერიტორიები და ომი“ ავტორი, ასევე ავტორი წიგნებისა „სამხედრო მოქმედებების გავლენა უკრაინის ბუნებაზე“ და „ყირიმის გარემო: ცვლილებები და დანაკარგები ოკუპაციის დროს“. პროექტი მოიცავდა 2014-დან 2017 წლამდე პერიოდს.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე, ისევე როგორც ყირიმში, დარჩნენ მეცნიერები და მოხალისეები, რომლებიც აგროვებდნენ ინფორმაციას 2014 წლის შემდეგ პერიოდში: „ბევრმა კოლეგამ ვერ დატოვა დონბასი, მათ კარგად იციან, როგორი ვითარება იყო საომარ მოქმედებებამდე. ჩვენ მიზანმიმართულად შევისწავლეთ, რა ზიანი მიადგა ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებს. შეგეძლო უბრალოდ მატარებლით მოსვლა, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მუშაობა, დრონიდან გადაღება, სურათების გადაღება. არცერთი რეგიონი ისე კარგად არ არის შესწავლილი, როგორც დონბასი“, - ამბობს ოლექსი ვასილიუკი.

2022 წლის ივნისი. ოდესის ოლქი. რუსული რაკეტის დატოვებული ქვაბული

მეცნიერები აკვირდებოდნენ, როგორ ხდებოდა ბუნებრივი ტერიტორიების აღდგენა: რა იზრდებოდა აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ქვაბულებში, როგორ გამოიყურებოდა ტყე აფეთქებებისა და ხანძრის შემდეგ, რა მცენარეები იზრდებოდა დაბინძურებულ ნიადაგებზე. მკვლევრებმა გაზომეს ქვაბულების დიამეტრი, აიღეს იქიდან ნიმუშები, შემდეგ განსაზღვრეს რომელი საბრძოლო მასალა რა ზომის და სახის ქვაბულებს ტოვებდა, გამოიყენეს ხელოვნური თანამგზავრებიდან გადაღებული სურათები და მარტივი არითმეტიკით გამოთვალეს დაბინძურების მასშტაბი იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა შეიცავს განსხვავებული რაოდენობის ქიმიკატებს.

ყირიმში ინფორმაციის მოპოვება გაცილებით რთული იყო, მაგრამ იქაც არიან მეცნიერები და ეკოლოგები, რომლებიც მზად არიან შეაგროვონ ასეთი ინფორმაცია. ოლექსი ვასილიუკი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რუსეთი „განზრახ არ ანადგურებდა ყირიმს“, პირიქით, ცდილობდა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას ნახევარკუნძულის, როგორც კურორტისა და დაცული ტერიტორიის ირგვლივ, მაგრამ, ამავდროულად, სწორედ რუსეთის ანექსიის პერიოდში დაიწყო ყირიმის ენერგომომარაგება ქვანახშირსა და მაზუთზე მომუშავე ადგილობრივი თბოელექტროსადგურებიდან (ადრე ელექტროენერგია მიეწოდებოდა კონტინენტური უკრაინიდან), რის გამოც ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.

ქერჩის ხიდიც ძირითადად ნაყარი კაშხალია და მისი მშენებლობა მოითხოვდა დიდი რაოდენობით ქვიშას, რომელიც ამოიღეს ქერჩის ნახევარკუნძულზე მდებარე ქიმიური საწარმოს შლამის საცავებიდან. მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ტოქსიკური ნარჩენებით დაბინძურებული ქვიშა მოხვდა ქერჩის სრუტის წყლებში - ამის დადგენა მოხერხდა სატელიტიდან გადაღებული ფოტოებით. როგორ იმოქმედა ამ დაბინძურებამ ზღვის ფლორასა და ფაუნაზე, ჯერ არავის შეუსწავლია.

2016 წელი. რუსეთი აშენებს ხიდს ქერჩის სრუტეზე

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სახელმწიფო სასახურმა („როსპოტრებნადზორი“) ყირიმში ბევრგან აკრძალა ზღვაში ბანაობა, დაკეტა პლაჟები. მიზეზი ისაა, რომ ტრალებითა და გემების ღუზებით დაზიანდა ის ღრმაწყლოვანი მილები, რომელთა საშუალებითაც თხევადი ნარჩენები ზღვაში იღვრებოდა. სევასტოპოლიდან, იალტიდან და ყირიმის სხვა ქალაქებიდან კომუნალური კანალიზაცია დაუმუშავებლად 12 მილით ჩაედინება შავი ზღვის ფსკერზე, დიდ სიღრმეში, სადაც არ არის წყალბადის სულფიდის ფენა, არ არსებობს სიცოცხლე და, შესაბამისად, ილექება მთელი ეს კანალიზაცია. ახლა ეს მილები ნაპირების მახლობლად არის გახვრეტილი და კანალიზაციის მთელი ნარჩენებიც ნაპირიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ჩაედინება. შესაბამისად, ტალღები იმ ყველაფერს, რაც უნიტაზებში ჩაირეცხება, სანაპიროსკენ მიაქანებენ. ბუნებრივია, „როსპოტრებნადზორს“ არ სურს დანაშაულის თავის თავზე აღება და თითქმის ყოველდღე აქვეყნებს წყლის ანალიზის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც იხურება პლაჟები. „წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია წყლის ხარისხი, რომ რუსეთის ხელისუფლება, რომელიც აგიტაციას უწევდა ტურისტებს ჩასულიყვნენ ყირიმში, იძულებულია დახუროს პლაჟები და ზღვაში შესვლა აკრძალოს“, - ამბობს ოლექსი ვასილიუკი.

ქალაქის სანიაღვრე კანალიზაცია ფეოდოსიის სანაპიროზე, 2022 წლის ივლისი

„რუსეთის ანექსიის პირობებში ნახევარკუნძული და მისი აკვატორია გახდა ინტენსიური სამხედრო წვრთნების ადგილი, სადაც სროლები და მანევრები მიმდინარეობს. ასეთი რამ ყოველწლიურად ხდება 2015 წლიდან მოყოლებული. ესვრიან ქერჩის ნახევარკუნძულის ტერიტორიას, ისვრიან ზღვაში, თვითმფრინავებიდან იცხრილება ოპუკის ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე მთის ფერდობები“, - ამბობს ალექსეი ვასილიუკი სატელიტური სურათების ანალიზის საფუძველზე: „ჩანს მცენარეულობა, რომელიც დაზიანებულია აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ქიმიური ემისიით ან ტანკების მუხლუხებისგან. ეს არის დაახლოებით 55 ათასი ჰექტარი ქერჩის ნახევარკუნძულზე, რაც ძალიან ბევრია. ფართომასშტაბიანი წვრთნების შემდეგ ოპუკის ნაკრძალის მიმდებარე უზარმაზარ ტერიტორიაზე პრაქტიკულად არ დარჩა მცენარეულობა - ასეთია სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისა და დაბომბვის შედეგები“. ექსპერტი ასევე ამტკიცებს, რომ ზღვაში წვრთნებისას რუსი სამხედროები იყენებდნენ თერმობარიულ საბრძოლო მასალებს, რაც თევზისა და ზღვის ძუძუმწოვრების მასობრივ დახოცვას იწვევს.

სარაკეტო თავდასხმები, რომლებსაც რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველი დღიდან თითქმის ყოველდღიურად ექვემდებარებიან უკრაინის ქალაქები, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის გარემოს. „რუსული რაკეტები ყველა ოლქისკენ მიფრინავენ. გამონაკლისი მხოლოდ ორი რეგიონია: ამიერკარპატები და ჩერნოვცი. რაკეტები პირდაპირი დანიშნულების გარდა, რამდენიმე სახის სხვა საფრთხეს შეიცავენ: ერთი, რომ ნებისმიერ ობიექტზე რაკეტის მოხვედრა იწვევს თავად რაკეტის ქიმიკატების გაფრქვევას, მეორე ის, რომ რაკეტების უმეტესობა ხვდება ნავთობის საცავებს ან საბრძოლო მასალების საწყობებს, რაც იწვევს ძლიერ ხანძრებს ატმოსფეროში დიდი რაოდენობით დამაბინძურებლების მოხვედრით, და მესამე, საწვავი რაკეტებში ძალიან ტოქსიკურია. არადა, რუსეთმა უკრაინას უკვე ესროლა 2000-ზე მეტი რაკეტა. არცერთ სხვა ომში არ გამოუყენებიათ ამდენი რაკეტა“, - ამბობს ვასილიუკი.

მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ მოქმედებაში მოყვანილი ნებისმიერი საბრძოლო მასალა არის ქიმიური რეაქცია, რომელიც იწვევს მძიმე მეტალების, გოგირდის, აზოტის და სხვა ნივთიერებების მოხვედრას ნიადაგში და მავნე ნაერთების ატმოსფეროში გაფრქვევას. მიწაში მოხვედრისას ტენთან შერწყმისას შეიძლება წარმოიქმნას გოგირდმჟავა, რომელიც წვავს მცენარეების ფესვებს, თესლს, ნიადაგში არსებულ ორგანიზმებს, ხოლო ის, რაც ჰაერში მოხვდება, აუცილებლად დაბრუნდება მიწაზე მჟავა წვიმის სახით.

რუსული რაკეტის "კალიბრის" ფრაგმენტი, 2022 წლის 8 აგვისტო

„უბრალოდ, ასე გვეჩვენება, რომ ჭურვი აფეთქდა, არავინ მოკლა და ეს ძალიან კარგია. კარგია, რომ არავინ მოკლა, მაგრამ სინამდვილეში, საბრძოლო მასალის ფართომასშტაბიანი და მძიმე არტილერიის ინტენსიური გამოყენება, ქიმიური დაბინძურების გამო, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია. არსებობს იარაღის რამდენიმე სახეობა: ქიმიური, ბირთვული და თერმობარიული - ისინი განიხილება მასობრივი განადგურების იარაღად და მათი გამოყენება აკრძალულია ჟენევის კონვენციით, რადგან მათგან შეიძლება დაზარალდნენ არამხოლოდ მებრძოლი ჯარისკაცები. სინამდვილეში კი, ნებისმიერი საბრძოლო მასალა აბინძურებს ატმოსფეროს, რაც შემდეგ განსაცდელს უქმნის ადამიანებსა და ბუნებას. ბუნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, საბრძოლო მოქმედებები თუ ნაღმებისგან ტერიტორიის გათავისუფლება - ეს ყველაფერი ასაფეთქებელი მასალებით ბუნების დაბინძურებაა”, - განმარტავს ოლექსი ვასილიუკი.

რა საერთაშორისო სამართლებრივი აქტები არეგულირებს პასუხისმგებლობას გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის
პრინციპები, რომლებიც აღწერს შეიარაღებული კონფლიქტების წარმოებას საერთაშორისო სამართალში, მიმართულია ბუნებრივი გარემოს დაცვაზეც (მაგალითად, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების გამიჯვნის პრინციპი). ეს ასახულია უამრავ საერთაშორისო დოკუმენტში, როგორიც არის 1980 წლის კონვენცია გარკვეული სახის ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების აკრძალვების ან შეზღუდვების შესახებ (საუბარია იარაღზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ზედმეტად საზიანო ან განურჩეველი ეფექტის მქონედ). კონვენცია ითვალისწინებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის პრინციპს საომარი მოქმედებების საფრთხისგან და კრძალავს ომის იმგვარი მეთოდებისა თუ საშუალებების გამოყენებას, რომელთა მიზანია გარემოსათვის ფართო, გრძელვადიანი და სერიოზული ზიანის მიყენება.
მთლიანობაში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ აღიარა როგორც ჰააგის 1907 წლის კონვენციის მნიშვნელობა ხმელეთზე ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ, ასევე 1949 წლის ჟენევის კონვენციისა ომისა და კონფლიქტების დროს სამოქალაქო პირებისა და გარემოს დაცვის შესახებ. მეტიც, გენერალურმა ასამბლეამ რეკომენდაციაც კი გასცა, რომ სახელმწიფოებმა თავიანთ სამხედრო რეგულაციებში შეიტანონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციები შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში გარემოს დაცვის შესახებ.
ნორმების ეს მასივი არ შეიცავს რაიმე ცალსახა მიდგომას ზიანის ოდენობის დადგენისა და მისი ანაზღაურების პროცედურებთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს სამართლებრივი ჩვეულებები, რომლებიც გამოიყენება.
რომელი ინსტიტუტია პასუხისმგებელი მსგავსი დავების საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტაზე?
  • გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო. სასამართლოს სტატუტის 36-ე მუხლის I ნაწილის ძალით მისი იურისდიქცია მოიცავს ყველა საქმეს, რომლებსაც გადასცემენ მხარეები და ყველა საკითხს, რომლებიც სპეციალურად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით ან არსებული ხელშეკრულებებითა და კონვენციებით. ამასთან, სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმეები იმ სახელმწიფოების მიმართებითაც, რომლებიც არ არიან მისი წევრები, ასევე იმ წევრი სახელმწიფოების მიმართებითაც, რომლებმაც არ აღიარეს მისი იურისდიქცია (როგორიცაა მაგალითად რუსეთი). ანუ მისი კომპეტენცია მაქსიმალურად ფართოა.
  • გაეროს უშიშროების საბჭოს, როგორც გაეროს მთავარ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე (ქარტიის 24-ე მუხლი), შეუძლია მიიღოს რეზოლუცია, მოუწოდოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობისკენ და განსაზღვროს გარემოსდაცვითი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურა, შექმნას სპეციალური დამხმარე ორგანო. უშიშროების საბჭოს აქვს ასეთი შესაძლებლობა იმის გამო, რომ სწორედ საბჭო განსაზღვრავს მშვიდობისთვის რაიმე საფრთხის არსებობას, მშვიდობის ნებისმიერ დარღვევას ან აგრესიის აქტს და გასცემს რეკომენდაციებს ან წყვეტს, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული 41-ე და 42-ე მუხლების შესაბამისად საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენისთვის (გაეროს წესდების 39-ე მუხლი). გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სპეციალური ორგანოს შექმნის მაგალითია კომპენსაციის კომისია, რომელიც შეიქმნა ერაყის მიერ ქუვეითში უკანონო შეჭრის ზარალის კომპენსაციის მიზნით.
  • ასეთი მოთხოვნა შეიძლება ასევე განიხილოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ფიზიკური პირის წინააღმდეგ საქმის ფარგლებში. თავდასხმა, რომელიც იწვევს გარემოს არაპროპორციულ ზიანს, არის სამხედრო დანაშაული სტატუტის მე-8 მუხლით, სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს ზარალის ანაზღაურების საკითხი.
უშალოდ ვინ ადგენს ზარალს და ითვლის ფულადი კომპენსაციის ოდენობას?
ზიანის მიყენების ფაქტს და მის პარამეტრებს ადგენს ის დაწესებულება, რომელიც განიხილავს პრეტენზიას ან სარჩელს, სწორედ ის ანიჭებს კომპენსაციას. ამისათვის აუცილებელია დადგინდეს როგორც ზიანის ფაქტი, ასევე მისი მოცულობა. მაგალითად, გაეროს საერთაშორისო სასამართლო. ის იკვლევს მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მაგრამ მას ასევე შეუძლია გამოძიების ან ექსპერტიზის დანიშვნა ნებისმიერ პირთან, კოლეგიასთან, ბიუროსთან, კომისიასთან ან სხვა ორგანიზაციასთან მიმართებით სასამართლოს სტატუტის 50-ე მუხლის ძალით.
პოლინა პოზდნიაკოვა, გარემოსდაცვითი შესაბამისობის ბიუროს, FUTUR-ის დამფუძნებელი.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ეკოდიას“ ხელმძღვანელი ნატალია გოზაკი ასევე პროგნოზირებს გრძელვადიან ეკოლოგიურ შედეგებს. „გარემოსდაცვითი დანაშაულების უმეტესობა დაკავშირებულია ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურებასთან (ქარხნები, ნავთობის საწყობები, ყველაფერი, რაც ინდუსტრიას ეხება): ჰაერის დაბინძურება ხანძრის დროს, შემდეგ ეს ნაწილაკები ილექება და ამის გამო ნიადაგი და წყალი ბინძურდება. დიდი ალბათობით, არ იქნება კუმულაციური ზემოქმედება, ეს იქნება მთელი რეგიონის დაბინძურება, რომლის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია. ნახშირწყალბადების წვის პროდუქტები ტოქსიკურია და შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ისინი კვებით ჯაჭვებში დაგროვდეს“, - ამბობს გოზაკი.

დანაღმული სამოთხე და ნახშირის ჯოჯოხეთი

სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ღირებულება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზეა, არანაკლებ 12,4 ტრილიონი დოლარია, წერს The Washington Post-ი. ანალიტიკოსების აზრით, უკრაინაში ლითონის საბადოების 40%-ზე მეტი, გაზის ყოველი მეხუთე საბადო და ქვანახშირის საბადოების 60%-ზე მეტი კონცენტრირებულია ოკუპირებულ რეგიონებში.

უკრაინის წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების ნაწილმა მუშაობა ჯერ კიდევ კონფლიქტის პირველი ნაწილის შემდეგ შეწყვიტა. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერდა, რომ 2018 წელს დონბასელი სეპარატისტების მიერ დაკავებული 94 მაღაროდან მხოლოდ 25-მა განაგრძო მუშაობა. „დონბასმა, როგორც ქვანახშირის მრეწველობის ცენტრმა, არსებობა შეწყვიტა, - ამბობს ბიოლოგი ოლექსი ვასილიუკი, - ჯერ კიდევ პირველ ეტაპზე, ომმა მაღაროების დატბორვა გამოიწვია“.

„დატბორილი მაღაროები, ატომური ელექტროსადგურების შემდეგ, მეორე უდიდეს გარემოსდაცვით რისკს წარმოადგენს“, - ამბობს ნატალია გოზაკი. დონბასში 40-მდე მაღარო [უკრაინის მაღაროების 25%] დაიტბორა 2014 წლის ოკუპაციის შემდეგ, 10-მდე მაღარო დაიხურა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ. „მაღაროს დატბორვის პროცესი ძნელი გამოსასწორებელია. ტოქსიკური წყალი ჩაედინება წყალგამტარ ფენებში და წამლავს მათ. ეს ადგილები შეიძლება ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი გახდეს“.

2019 წლის ნოემბერი. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დონეცკის ოლქში ავდიივკის დანგრეული მაღაროს ფონზე

რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრამდე, უკრაინა ცდილობდა მინიმუმამდე დაეყვანა ქვანახშირის მაღაროების უკონტროლო დატბორვის უარყოფითი შედეგები. ტორეცკის რაიონში ეს სამუშაოები ფრანგულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია ACTED-თან ერთად ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განხორციელდებოდა. ორი წლის წინ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ტელეკომუნიკაციებისა და გლობალური საინფორმაციო სივრცის ინსტიტუტის მთავარმა მკვლევარმა, ევგენი იაკოვლევმა თქვა, რომ ვითარება როგორც ტორეცკში, ისე მთელ დონბასში კატასტროფულთან ახლოს იყო - მაღაროების დატბორვის შეჩერება ვერ ხერხდება, გრუნტის წყლების დონე კი იზრდება. ტორეცკის მახლობლად მდებარე მაღაროები მიწისქვეშ დაკავშირებულია მეზობელი გორლოვკის მაღაროებთან, სადაც წყალი გაცილებით აქტიურად ჩაედინება ტუმბო-საქაჩების არარსებობის გამო.

„მაღაროები დიდწილად დატბორილია, წყლის დონე მატულობს. ტორეცკში მოქმედი მაღაროები, „ცენტრალი“ და „ტორეცკაია“, მუშაობენ რისკის პირობებში - წყლის დონე და, შესაბამისად, მაღაროებში წნევის სხვაობა თამაშობს და 200, 400 და 500 ატმოსფეროსაც კი აღწევს. არსებობს უეცარი გარღვევის რისკი, როგორსაც ადგილი ჰქონდა ლუგანსკის ოლქში, მაღარო „ზოლოტოეში“, - განუცხადა ევგენი იაკოვლევმა რადიო თავისუფლების პროექტის „დონბას.რეალიის“ კორესპონდენტს.

ინციდენტი „ზოლოტოეს“ მაღაროში 2018 წლის მაისში მოხდა. მიზეზი იყო წყლის გარღვევა ჰიდროლოგიურად დაკავშირებული და დატბორილი „როდინასა“ და „პერვომაისკაიას“ მაღაროებიდან, რომლებიც კიევის მიერ არ კონტროლდება. რუსეთის ინტერვენციამდე ერთი დღით ადრე უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა დაეხურა „ზოლოტოეს“ მაღარო, რომელმაც ავარიის შემდეგ სამუშაოების აღდგენა ვერ შეძლო და ზარალზე დაიწყო მუშაობა.

მას შემდეგ დონბასში ვითარება მხოლოდ გაუარესდა. აქტიურ საომარ მოქმედებებამდე კი რეგიონში ადგილი ჰქონდა ტექნოგენურ მიწისძვრებსა და ნიადაგის ჩავარდნებს. 2022 წელს, უწყვეტი საარტილერიო იერიშები, დაბომბვა და დანაღმვა, გარემოს დამცველების აზრით, რეგიონში მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის კიდევ უფრო მაღალ რისკებს წარმოშობს.

კონკრეტულად რის გამო შეიძლება ზიანის ანაზღაურების დაკისრება
იმის გამო, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დე ფაქტო 2014 წლიდან მიმდინარეობს, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რა მომენტიდან ითვლება ზიანი, თუ გარემოს ზიანი მიადგა მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ მიაღწია კატასტროფულ მასშტაბებს ერთბაშად გარკვეული პიროვნებების, ორგანიზაციების, სახელმწიფოების ქმედებების გამო.
მაგალითად: დონბასში 2014-2016 წლებში ქვანახშირის ბევრი მაღარო გაჩერდა და დაიტბორა უკონტროლოდ. ეს კი იწვევს მიწისქვეშა წყლების თანდათანობით დაბინძურებას და წარმოადგენს მიწისქვეშა სიცარიელეების ჩამოშლის პოტენციურ საფრთხეს, მაგრამ ამ დატბორილი მაღაროების განადგურების შემთხვევაში, მაგალითად, რაკეტის მოხვედრის შემთხვევაში, მძიმე შედეგები დადგება დაუყოვნებლივ და კატასტროფული სისწრაფით: დაბინძურებული წყლების მყისიერი დაღვრა და გრუნტის ჩაქცევა ძალიან დიდ ტერიტორიებზე.
ექსპერტების აზრით, ქვანახშირის მოპოვების ტერიტორია აღარ შეიძლება უსაფრთხოდ ჩაითვალოს როგორც საცხოვრებლად, ასევე სოფლის მეურნეობისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისითაც, მაგრამ თუ ეს სახიფათო ობიექტები სერიოზულად დაზიანდება რამე სახის ერთჯერადი ქმედებით, ტერიტორია ფაქტობრივად უვარგისი გახდება ათწლეულების განმავლობაში.
- რა მომენტიდან იანგარიშება ზარალი ასეთ შემთხვევებში: პირობით რაკეტის დარტყმის მომენტიდან თუ მაღაროების არასათანადო დატბორვის მომენტიდან?
პოლინა პოზდნიაკოვა, გარემოსდაცვითი შესაბამისობის ბიუროს, FUTUR-ის დამფუძნებელი:
- ზიანი ითვლება მისი მიყენების მომენტიდან. ზიანის მიყენების სტრუქტურა, როგორც იურიდიული ინსტიტუტი, მოიცავს რამდენიმე ელემენტს - ზიანის მიმყენებლის ბრალს, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მიზეზშედეგობრივ კავშირს და ზიანს. არსებობს "აუცილებელი მიზეზის" ცნება, ანუ იმისდა მიუხედავად, რომ ერთდროულად არაერთმა ფაქტორმა გამოიწვია ზიანის მიყენება, საწარმოო ობიექტებზე თავდასხმა იყო აუცილებელი (გამომწვევი) მიზეზი, რასაც მოჰყვა ყველა სხვა ფაქტორის ამუშავება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ეკოლოგიური კატასტროფა. შეიარაღებული კონფლიქტების წარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი (სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების გამიჯვნის პრინციპი) მიზნად ისახავს, სხვა საკითხებთან ერთად, ბუნებრივი გარემოს დაცვას. ამასთან, სასამართლო ან სხვა დაწესებულება ამ შემთხვევაში შეზღუდული არ არის - მათ შეუძლიათ განსაზღვრონ სხვა ფაქტორების მოქმედების ზომა (მათ შორის, სხვა პირების ქმედებები ან უმოქმედობა) გარემოზე მიყენებულ ზიანში და გაითვალისწინონ ეს კომპენსაციის გადახდისას.

ნატალია გოზაკი ფიქრობს, რომ განაღმვამდე ეს ტერიტორიები ხალხისთვის მიუწვდომელი უნდა იყოს და ერთგვარ ნაკრძალებად უნდა იქცნენ. ოლექსი ვასილიუკი კი იმაზე წუხს, რომ თავად დაცული ტერიტორიებია უკვე დანაღმული: „ხერსონის ოლქში მდებარე ძარილგაჩის კუნძული ყველაზე დიდი დაუსახლებელი კუნძულია ევროპაში. ეროვნული პარკია, იქ არ ყოფილა საომარი მოქმედებები, მაგრამ კუნძული თითქმის მთლიანად დანაღმულია. ალბათ ბუნებისთვის უკეთესი იქნება [ადამიანების გარეშე]. მაგრამ პარკის მუშაობის აღდგენა თითქმის შეუძლებელი იქნება. როგორ გავასუფთაოთ ჭაობი ან ტყე, როცა ყველაფერი ჩამოცვენილი ფოთლებითა და მცენარეულით დაიფარება? როგორ უნდა მოძებნო ნაღმები, რომლებიც იქ რამდენიმე თვის, ან თუნდაც წლების წინ გაჩნდა? ეს ყველაფერი დიდი პრობლემაა დაცული ბუნებრივი ტერიტორიისთვის“.

ომის შედეგად ზიანდება უკრაინის დაცული ტერიტორიები

უკრაინის დაცული ტერიტორიების 44% მოექცა ოკუპაციის ან საომარი მოქმედებების ზონებში. Მათ შორის:

  • "ასკანია ნოვა" - უძველესი ნაკრძალი უკრაინაში, რომელიც დაარსდა 1896 წელს. მდებარეობს ოკუპირებულ ხერსონის ოლქში.
  • „შავი ზღვის ნაკრძალი“ - პირველი ყოფილ სსრკ-ში, რომელმაც მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სერტიფიკატი. დაზიანებულია სამხედრო მოქმედებების შედეგად გამოწვეული ხანძრებით. მდებარეობს ხერსონის ოლქში.
  • "სვიატიე გორიი" - ეროვნული ბუნებრივი პარკი დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთით, სლავიანსკის და ბახმუტის რაიონებში. ყველაზე დიდი ბუნებრივი პარკი ევროპაში. 2014 წლიდან ზიანდება აქტიური საომარი მოქმედებების შედეგად: იწვის ტყეები (100 ჰექტარზე მეტი), ტერიტორია მოფენილია საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების შედეგად გაჩენილი ქვაბულებით.
  • "მეოტიდა" - ეროვნული ბუნებრივი პარკი აზოვის ზღვის სანაპიროზე მარიუპოლისა და ნოვოაზოვსკის მიმდებარე ტერიტორიაზე. მთლიანად ოკუპაციის ქვეშაა. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში მეოტიდას ნაწილი უკვე ოკუპირებული იყო. ტარდებოდა წვრთნები ტყვიამფრქვევებისა და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით - განადგურდა ფრინველების დიდი რაოდენობა და მათი ბუდეები.
  • „კამენნაია მოგილა“ - უკრაინის ბუნებრივი ველების ნაკრძალის განყოფილება, სადაც გვხვდება ძვ.წ. 24-ე საუკუნით დათარიღებული პეტროგლიფები. მდებარეობს დონეცკის ოლქში. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია.
  • „მელოვაია ფლორა“ - უკრაინის ბუნებრივი ველის ნაკრძალის განყოფილება, მდინარე სევერსკი დონეცის ნაპირებზე ლიმანის რაიონში, სადაც იზრდება მცენარეების უნიკალური სახეობები. იქვე გადის ფრონტის ხაზი. ჯერ კიდევ 2014 წელს სეპარატისტების სამხედრო ფორმირებებმა დაცულ ტერიტორიაზე გათხარეს სანგრები.
  • „ლუგანსკის ნაკრძალი“ - შედგება რამდენიმე ფილიალისგან, რომლებიც ოკუპირებულია. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტყის ვრცელი არეალი.
  • „კრემენსკიე ლესა“ - ეროვნული პარკი ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში, რომელიც ხანძრების შედეგად დაზიანდა.

ასევე დანაღმულია ყირიმის სანაპიროსთან არსებული აკვატორია. გარდა ამისა, რუსული ხომალდები, გარემოს დამცველების აზრით, აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში გაცილებით ინტენსიურად იყენებენ წყალქვეშა რადარებს. ეს ზიანს აყენებს ვეშაპისებრებს, რომლებიც დეზორიენტირდებიან და ნაპირზე გამოდიან. ერთგვარი შენელებული მოქმედების ნაღმებია ჩაძირული გემები: „რა ჩაიძირა, ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანი არ გვექნება. სანამ შედეგებს დავინახავთ“, - ამბობს ნატალია გოზაკი.

შავი და აზოვის ზღვებში დელფინების სამი სახეობაა: აფალინა (ყველაზე გავრცელებული დელფინი), ჩვეულებრივი დელფინი და „აზოვკა“ - რომელიც მხოლოდ აზოვის ზღვაშია შემორჩენილი“, - ამბობს ოლექსი ვასილიუკი. „უნიკალური სახეობები ცხოვრობენ ყირიმის სანაპირო ზონაში, მათთვის ზიანის მიყენება ძალიან ადვილია და ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ისინი უბრალოდ ამოწყდებიან”.

მთელი აზოვი-შავი ზღვის სანაპირო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭაობიანი ტერიტორიაა, რადგან ჩრდილოეთის ფრინველების დიდი რაოდენობა იქ იზამთრებს, მაგრამ ახლა ყველგან ცეცხლია და ბრძოლები მიმდინარეობს. გადამფრენ ფრინველთა მთელი კოლონიები სადღაც სხვაგან გაფრინდა, შესაძლოა ჰოლანდიაში, ისრაელში, ასტრახანის ნაკრძალში, რუსეთში, შესაძლოა რუმინეთში დუნაისკენ, საბერძნეთში, ხორვატიაში. უკრაინელი მეცნიერებისთვის უპასუხოდ რჩება მტკივნეული კითხვები: „შეძლებენ კი წელს ახალი კოლონიების შექმნასა და ბარტყების მოშენებას? თუ დაბრუნდებიან გაისად უკრაინაში?“

გადამფრენი ფრინველები ყირიმში ნახევარკუნძულის ოკუპაციამდე

ხერსონის ოლქში, ომის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ცხოვრობს პატარა მღრღნელი - Spalax arenarius (ქვიშის ბრმა ვირთხა), რომელიც ასევე უნიკალურია თავისებურად. „მიწისქვეშეთში ცხოვრობს, ამის გამო მას ხანძარი ნამდვილად არ ემუქრება, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე სმენა აქვს. ისიც კი ესმის, თუ როგორ ღრღნიან ხოჭოები სადღაც მიწის სიღრმეში ფესვებს. არავის შეუსწავლია, როგორ რეაგირებს აფეთქებებზე სუპერმგრძნობიარე სმენით”, - ამბობს ვასილიუკი.

2021 წლის იანვარი. დამშრალი მდინარე სუუკ-სუ. ყირიმი

საერთაშორისო სამართალწარმოებები გარემოსდაცვითი ზიანის ანაზღაურების შესახებ
ასეთი გამოცდილება არსებობს, თუმცა საკმაოდ მწირი. მათ შორის უახლესი და ყველაზე ცნობილია კოსტა-რიკის საქმე ნიკარაგუის წინააღმდეგ, რომელიც განიხილებოდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. საუბარია კოსტა-რიკაში შეჭრის, მისი ტერიტორიის ნიკარაგუის არმიის მიერ ოკუპირებისა და გამოყენების შედეგად მიყენებული გარემოსდაცვითი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. სასამართლომ 2018 წლის თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაახლოებით 400,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.
კიდევ ერთი მაგალითი - კუვეიტის სარჩელები ერაყის მიერ 1990 წლის ინტერვენციის შედეგად მიყენებული გარემოსდაცვითი ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლებსაც განიხილავდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1991 წლის 20 მაისის N692 რეზოლუციით შექმნილი კომპენსაციის კომისია. საერთო ჯამში, კომისიამ მოპასუხეს 5 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა.
პოლინა პოზდნიაკოვა, გარემოსდაცვითი შესაბამისობის ბიუროს, FUTUR-ის დამფუძნებელი.

ვიდრე ომის დასრულდება, გარემოს დამცველები ყველაფერს აკეთებენ ზიანის არა იმდენად შესაფასებლად, რამდენადაც დასაფიქსირებლად.

„ეს ნაკარნახევია იმ სურვილით, რომ რუსეთმა, საერთაშორისო სასამართლოს ინსტრუმენტების გამოყენებით, სრულად აანაზღაუროს უკრაიანისთვის მიყენებული ზარალი, მათ შორის გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამო“, - ამბობს გარემოს დამცველი ნატალია გოზაკი. გარდა ამისა, უკრაინელი გარემოს დამცველები ასევე მუშაობენ დაზიანებული გარემოს აღდგენის პერსპექტივაზე, რისთვისაც ადგენენ და ლობირებენ სწორ პრინციპებზე დაფუძნებულ პროექტებს, რათა „აღდგენის პროცესმა კიდევ უფრო მეტად არ დააზიანოს ბუნება“, - ამბობს ოლექსი ვასილიუკი.