კომუნიკაციების კომისია: მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია

საქართველოს კომუნიკაციების კომისია imovies.cc-სა და adjaranet.com-ის საიტების გათიშვაზე აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია. მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტსივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობს.

"კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.

გამომდინარე იქიდან, რომ მეკობრეობის სრულად აღმოფხვრა კომუნიკაციების კომისიის პრიორიტეტად რჩება, კომისია ამ ეტაპზეც ყოველდღიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ვებგვერდებთან არალეგალური კონტენტის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

Imovies.cc და adjaranet.com უკვე წლებია ონლაინკინოთეატრების ქართული ბაზრის უპირობო ლიდერები იყვნენ. აქ ფილმები თითქმის გამოსვლისთანავე იდებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ ფილმი კინოჩვენებაში იყო - აფიშიდან მოხსნის შემდეგ. ფილმები ძირითადად იყო ინგლისურად ან რუსულად, მოგვიანებით ნაწილს ქართულად თარგმნიდნენ, განსაკუთრებით იმათ, რომელთა გახმოვანებასაც მომხმარებლები მოითხოვდნენ. შესაბამისად, თარგმნასა და გახმოვანებაზე, ასევე საიტების ადმინისტრირებისთვის ათობით ადამიანი იყო დასაქმებული.

ასევე ნახეთ ცხოვრება imovies-სა და adjaranet-ის შემდეგ