გომელაური ხანძრის შესახებ: ავიაციამ მაქსიმალურად, ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა

ვახტანგ გომელაური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ხანძარი წითელ ზონას არ გასცდენია. ის თურქეთს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„დღეს ავიაციას სამი თვითმფრინავი დაემატა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, თურქულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღეს შეეტყო კიდეც. ქარი იყო და ვერტმფრენებს ძალიან უჭირდათ. დილით იმუშავეს რამდენიმე საათი, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ. ავიაციამ იმუშავა მაქსიმალურად მაღალ დონეზე და შედეგიც სახეზეა. შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა, მისი გავრცელების ზონებმა. [ხანძარი] წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ გუშინ სადაც არ იყო, იქ უკვე გაჩენილი იყო ცეცხლის ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარი იყო, იქ უფრო მეტად, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დაამატა, - გახსოვთ ბორჯომის ხანძარი, მთლიანად იწვოდა ყველაფერი. აქ პატარ-პატარა კერებია. თუმცა გავრცელების მასშტაბი დიდია“.

მინისტრის განცხადებით, არ არის საფრთხე, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე გადავა. მისი თქმით, აწყურის მიმართულებით ტექნიკა მაქსიმალურადაა გადასროლილი. გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც გომელაური ამბობს, რთული სათქმელია, როდის შეძლებენ ხანძრის ჩაქრობას.

შს მინისტრი მადლობას უხდის საქართველოს კიდევ ორ მოსაზღვრე ქვეყანას - აზერბაიჯანსა და სომხეთს. „აზერბაიჯანულ მხარეს მინდა მადლობა ვუთხრა, სომხურ მხარესაც. შემოგვთავაზეს ტექნიკით დახმარება, თუმცა ტექნიკა ჩვენც გვყავს და რელიეფის გამო ვერ ვამუშავებთ. სახანძრო თვითმფრინავი ძალიან დიდი ფუფუნებაა, ეს არ ჰყავთ, თორემ დაგვეხმარებოდნენ. თურქული მხარე დაგვეხმარა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ“. გომელაურის განცხადებით, სახანძრო თვითმფრინავი ყველა სახელმწიფოს არ ჰყავს. „არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვა თვითმფრინავი. ევროპაშიც ბევრგან არის ხანძარი. ყველას თავისი გაჭირვება აქვს", - თქვა მან. მინისტრი აღნიშნავს, რომ გუშინდელთან შედარებით, ცეცხლი ბევრად დაბალია, დაკვამლიანება კი მეტია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი თანდათან სოფელ დგვარის ტყესაც მოედო.