ფიქტიური რეფერენდუმები უკრაინაში კვირის ბოლომდე გამოცხადდება - აშშ

ხერსონის ოლქი, უკრაინაში ომის პერიოდი

რუსეთი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გამოაცხადებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმებს, ამის შესახებ თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში ჯომ კირბიმ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, აშშ მოელის, რომ მოსკოვი „არჩევნების“ შედეგების მანიპულირებით იმის მტკიცებას ეცდება, რომ სამხედროების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების მოქალაქეებს რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა სურთ. რეფერენდუმები ფიქტიური იქნება, ამომრჩეველთა აქტივობა კი, კირბის სიტყვებით, უკიდურესად დაბალი.

თებერვლის ბოლოდან მოყოლებული, რუსეთს თითქმის სრულად აქვს ოკუპირებული უკრაინის ლუგანსკის ოლქი, დონეცკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედმა, რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არაერთხელ განაცხადეს რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის მომზადების შესახებ. გეგმის მიხედვით, რეფერენდუმები სექტემბერში უნდა გაიმართოს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ეს საბოლოოდ დახურავს რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის შესაძლებლობას.