ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა რამზან კადიროვმა მოითხოვა შეღავათებისა და ფულადი დახმარების მიცემა შეუწყდეთ იმ მცირეშემოსავლიან ოჯახებს, რომელთა წევრი მამაკაცები უარს იტყვიან სამხედრო სამსახურის გავლაზე.
კადიროვის ეს განცხადება გროზნოში გამართულ თათბირზე რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, მაგომედ დაუდოვის გამოსვლას მოჰყვა. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ღარიბი ოჯახების წევრ უმუშევარ მამაკაცებს არ აქვთ სურვილი, გაწევრიანდნენ კადიროვის ბრძანებით შექმნილ ე.წ. სახელობით პოლკში.
დაუდოვმა მაგალითად მოიყვანა არღუნი, რომელსაც იგი პირადად "კურირებს" რამზან კადიროვის დავალებით. ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არღუნში ირიცხება 412 მცირეშემოსავლიანი ოჯახი, რომლებიც მწვავედ საჭიროებენ სოციალურ დახმარებას. ამ ოჯახებზე მოდის 188 შრომისუნარიანი მამაკაცი, მაგრამ, როგორც დაუდოვი ამტკიცებს, მათგან მხოლოდ სამი აღმოჩნდა მზად, იმსახუროს კადიროვის პოლკში.
ჩეჩნეთის მეთაურმა პასუხად სამსახურზე უარისმთქმელებს "მუქთახორები" უწოდა და მოითხოვა მათთვის ყველანაირი შეღავათისა და ფულადი დახმარების გაუქმება, რაც მცირეშემოსავლიანი ოჯახების ფედერალური კანონითაა გათვალისწინებული.
აგვისტოს დასაწყისში ორკვირიანი მომზადების შემდეგ, ჩეჩნეთიდან უკრაინაში საომრად გაგზავნეს ე.წ. მოხალისეთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელმაც გადამზადების კურსები გუდერმესში მდებარე რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიარა.
ასევე ნახეთ
ჩეჩნეთმა უკრაინაში საომრად "მოხალისეთა"ახალი რაზმი გაგზავნაუკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის რეგიონებში დაიწყო ე.წ. "სახელობით" დანაყოფების ფორმირება. მათ შორის ყველაზე უფრო გამოირჩევა ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სახელობის მილიციის საგანგებო და სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში.
26 ივნისს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა გამოაცხადა ოთხი ახალი ბატალიონის ჩამოყალიბება უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად. ესენია: "ახმატი-სევერი", "ახმატი-იუგი", "ახმატი-ზაპადი"და "ახმატი-ვოსტოკი".
გამოცემა "კომერსანტის" ცნობით, ომში წასასვლელად მოხალისეების დაქირავება რეგიონებში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება და ვეტერანი ორგანიზაციები რაზმებში გაწევრიანებას აქტიურად უჭერენ მხარს და უკრაინაში ომში წასვლის მსურველებს სოლიდურ ფულად ანაზღაურებას და ყველა საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფას ჰპირდებიან.
ფორმალურად, მოხალისეები ხელს აწერენ ხელშეკრულებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თვის ვადით და იღებენ კონტრაქტორების ოფიციალურ სტატუსს. მათი ანაზღაურება განსხვავდება რეგიონების მიხედვით და თვეში 130 ათასიდან 300 ათას რუბლამდე მერყეობს. კონტრაქტით დაქირავებულ სამხედროებს, გაზეთის თანახმად, ასევე უხდიან დანამატს საომარი მოქმედებების წარმატებით ჩატარებისთვის და ყოველდღიურ შემწეობას, 8 ათასი რუბლის ოდენობით, "შეტევით ოპერაციაში მონაწილეობის თითოეულ დღეზე."