ლუკაშენკა ამბობს, რომ ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავები მზადაა რუსული ბირთვული შეიარაღების გადასატანად

ალიაქსანდრ ლუკაშენკა, 2022 წელი

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მოხდა მისი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავების, სუ-24-ის, გადაკეთება ისე, რომ მათ შეძლონ ბირთვული იარაღის გადატანა. ლუკაშენკამ, რომელიც კრემლის მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ის ამ ნაბიჯს დასთანხმდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად.

"[დასავლეთმა] უნდა გაიგოს, რომ ვერც ვერტმფრენები, ვერც თვითმფრინავები მათ ვერ გადაარჩენს, თუკი ისინი ესკალაციაზე წავლენ. ჩვენ, პუტინთან ერთად, ერთხელ სანქტ-პეტერბურგში ვთქვით, რომ ჩვენც მოვახდენთ ბელარუსული თვითმფრინავების, სუ[-24]-ს ადაპტირებას ისე, რომ მათ შეძლონ ბირთვული იარაღის ტარება. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ უბრალოდ ვლაყბობდით? ყველაფერი მზად არის!" - უთხრა ლუკაშენკამ ჟურნალისტებს მინსკში.

მას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია თავისი განცხადების გასამყარებლად. ბელარუსს არ აქვს საკუთარი ბირთვული იარაღი და მან, სავარაუდოდ, ათი წლის წინ გააუქმა სუ-24-ების თავისი ფლოტი, თუმცა, შესაძლებელია, რომ თვითმფრინავი ძირეულად განაახლეს და ხმარებაში დააბრუნეს.

პუტინი და ლუკაშენკა ერთმანეთს შეხვდნენ 25 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში და რუსეთის ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მიაწვდის ბელარუსს ისკანდერ-M სარაკეტო სისტემებს და დასძინა, რომ მათი მიწოდება რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება.

"ისკანდერ-M" არის მოძრაობაში მართვადი სარაკეტო კომპლექსი, რომლის მოქმედების მანძილი 500 კმ-ს აღწევს.

ბელარუსი არ არის უკრაინაში მიმდინარე ომის უშუალო მონაწილე, თუმცა მან მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია მოსკოვის შეჭრას, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, და საშუალება მისცა რუსეთის ძალებს, შესულიყვნენ უკრაინაში ბელარუსის საზღვრის გავლით.