სოსო გოგაშვილის დაცვის წევრს ბრალი წარუდგინეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის მიზნით მისულ ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი წარუდგინეს. ის სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის დაცვის წევრია.

სამხარაძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა (სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით). ალექსანდრე სამხარაძე არ დაუკავებიათ,

„რამაზ სამხარაძე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი დღეს წაუყენეს", - განმარტა ადვოკატმა.

რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ალექსანდრე სამხარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს იმსჯელებს. დაცვის მხარე პროცესზე მოითხოვს ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

„მე გირაოს შეფარდებასაც არ მოვითხოვ. გირაოს არ დავეთანხმები, რადგან მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს და ამიტომ აღკვეთის არც ერთი ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული", - თქვა რამაზ ჩინჩალაძემ.

ასევე ნახეთ როგორ შეაგროვო საარჩევნო ხმები - მმართველი გუნდის რეცეპტი „გოგაშვილის ფაილებიდან“

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.