გაეროში მისიის წარმომადგენლად აშშ-ს ყოფილი ელჩის, დავით ბაქრაძის დანიშვნას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, "რადიო თავისუფლებამ" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო.
დავით ბაქრაძე ამ პოსტზე კახა იმნაძეს შეცვლის. ყოფილმა ელჩმა ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა გამოსამშვიდობებელი ტვიტი და დავით ბაქრაძეს წარმატებაც უსურვა.
ივლისში „პირველ არხთან“ ინტერვიუში პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ უკმაყოფილო იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით ბაქრაძის მუშაობით, რის გამოც გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას ხელი არ მოაწერა. ამის შედეგად, მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ასევე ნახეთ მოთვინიერება თუ უფლებამოსილებების გამიჯვნა? - ელჩებზე უარი საკონსტიტუციო სასამართლოშისალომე ზურაბიშვილის თქმით, ბაქრაძის ელჩობის დროს ვერც ვაშინგტონიდან თბილისში და ვერც თბილისიდან ვაშინგტონში ვერ მოხერხდა მაღალი რანგის ვიზიტები. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ელჩმა ვერ უზრუნველყო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის საქართველოს მილოცვის გადაცემა.
როგორც ზურაბიშვილმა თქვა, 37-იდან 36 ელჩის დანიშვნას ხელი მოაწერა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლა რჩება ერთი, ბაქრაძის პრობლემა. „ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, იმიტომ, რომ 15 ივლისის წერილი არის და , ვნახოთ, როგორი მოქმედება მექნება ან უმოქმედობა", - დაამატა პრეზიდენტმა.