საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
უწყების თანახმად, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას „კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.“
ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ორივე მინისტრი მიესალმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე.
მოგვიანებით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ ტვიტერის გვერდზე დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს "მთელი რიგი ორმხრივი საკითხები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი".
.
დღესვე ილია დარჩიაშვილი შეხვდა მოლდოველ კოლეგას, ნიკუ პოპესკუსაც..
საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მინისტრებმა ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევა შეაფასეს, როგორც ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირება.
„მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირებული ტრიოს როლი და მნიშვნელობა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში. აქცენტები გაკეთდა ამ კუთხით ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. ილია დარჩიაშვილმა და ნიკუ პოპესკუმ ასევე განიხილეს საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.
ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.