ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს სწრაფი მუშაობისკენ მოუწოდებს მშვიდობის მისაღწევად

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად ბრიუსელდში, 2022 წლის 31 აგვისტო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან 31 აგვისტოს ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კავკასიელი მეტოქეები შეთანხმდნენ, დააჩქარონ "არსებითი“ სამუშაო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

მისი თქმით, ეს მეოთხე სამმხრივი მოლაპარაკება 2020 წლის ბოლოს ინტენსიური 44 დღიანი ომის შემდეგ, "გახსნილი და პროდუქტიული" იყო და მასზე განიხილეს სატრანსპორტო კავშირების, საზღვრებისა და ომის დროს დაკავებულთა გათავისუფლების საკითხები.

22 მაისის შემდეგ ევროპის კავშირის შუამავლობით გამართულ პირველ შეხვედრას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრა მოჰყვა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში 1-3 აგვისტოს განახლებულ ბრძოლებს, რომელთა დროსაც სულ მცირე, ერთი აზერბაიჯანელი და ორი ეთნიკურად სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ძალადობაში.

მიშელმა განაცხადა, რომ მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მხრიდან დაკავებული სომხების შემდგომი გათავისუფლების მნიშვნელობას, რაც მთავარი მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც ერევანმა უხალისოდ მიიღო მოსკოვის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის შედეგადაც ეთნიკური სომხების მიერ დიდი ხნის განმავლობაში დაკავებული მნიშვნელოვანი ტერიტორია აზერბაიჯანს დაუბრუნდა.

მან ასევე მოუწოდა ორივე მხარეს, უკეთესად მოამზადონ თავიანთი საზოგადოება მშვიდობისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ათწლეულების მანძილზე გაყინული კონფლიქტის მიუხედავად. ბრიუსელის შეხვედრა გაიმართა 30 აგვისტოს მოსკოვში საზღვრის დელიმიტაციის შესახებ სომხური და აზერბაიჯანული კომისიების შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.