"ერთიანმა რუსეთმა" 15 მილიონამდე პირი წაშალა თავისი მომხრეების სიიდან

დმიტრი მედვედევი - თავმჯდომარე პარტიისა "ედინაია რასია"

რუსეთის მმართველმა პარტიამ, "ერთიანმა რუსეთმა", თავისი მომხრეების ოფიციალური რაოდენობა ორჯერ და მეტჯერ შეამცირა, 10 მილიონ ადამიანამდე. ბაზიდან წაშალეს მათ შორის ისინი, ვინც სოციალურ ქსელებში იწონებდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პოსტებს. ამის შესახებ საინფორმაციო საიტ RBC-ს უამბეს წყაროებმა "ერთიანი რუსეთიდან".

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ბაზიდან წაშალეს ყველა, "ვის მონაცემებშიც ოდნავი ეჭვი შეეპარათ - ტელეფონის ნომრებში, დაბადების თარიღებში და ასე შემდეგ". ამასთან, მომხრეთა სიიდან ამოიღეს ის პირებიც, ვინც პარტიამ არალოიალურ პირებად მიიჩნია. პარტიამ გამოიყენა საგანგებო პროგრამა, რომელიც სოციალურ ქსელებს აანალიზებს. თუკი ირკვეოდა, რომ "ერთიანი რუსეთის" მომხრე პირი ნავალნის პოსტს იწონებდა, მას ბაზიდან შლიდნენ - უთხრა წყარომ ინტერნეტ გამოცემას.

ამასთან, წყაროთა თქმით, პარტიამ უკვე დაიწყო მუშაობა თავისი მომხრეების რიცხვის გაზრდაზე. რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებისთვის - რომელიც 2024 წელსაა დანიშნული - ბაზის გაფართოება 30 მილიონ ადამიანამდე იგეგმება.

საამისოდ "ერთიანი რუსეთის" დეპუტატებს დავალებები მიეცათ - წლის ბოლომდე ყველა დეპუტატმა, მისი რანგის და სახელისუფლო იერარქიაში მდგომარეობის მიხედვით, ბაზას უნდა დაუმატოს 50-დან 1500-მდე მომხრე.