მთავრობა პარლამენტს წარუდგენს ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია 2022-2030-ს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მთავრობა ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს, ხედვა 2030-ს და ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია 2022-2030-ს განიხილავს და პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული დოკუმენტია. მან ამ დოკუმენტზე საუბრისას 10 წლის წინანდელი ხელისუფლებაც გააკრიტიკა და თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია.

„მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს პირველად იქნა დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ დოკუმენტზე ასევე მუშაობდა ექსპერტი, ბატონი თომას ჰამერბერგი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ზოგადად ამ სფეროში, ადამიანის უფლებებში. კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს რეალურად დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა და საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, თვალსაზრისით ვითარება“,- თქვა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის შედგენილ სტრატეგიას, "ხედვა 2030", ღარიბაშვილის თქმით, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის შექმნილი დოკუმენტია.

"ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“. ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა, სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტები მზად გვქონდა შარშანვე, მაგრამ ამის შემდეგ დაიხვეწა თითოეული დოკუმენტი, განახლდა მონაცემები და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ, მთავრობა დაამტკიცებს და ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება“, - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბიშვილის თქმითვე, სამთავრობო დელეგაცია მისი ხელმძღვანელობით, დღეს, 4 სექტემბერს ბრიუსელში გაემგზავრება ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

ასევე ნახეთ რა წერია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის სამუშაო დოკუმენტში