გახდება საქართველო "რუსული სამყაროს" ნაწილი? - პუტინის ახალი ჰუმანიტარული პოლიტიკა

თუ კრემლი ამბობს, რომ თქვენს ქვეყანაში რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული არაა, მაშინ საქმე სანერვიულოდაა. საქართველოსა და უკრაინაში ეს საკუთარ ტყავზე გამოცადეს. ვლადიმირ პუტინი უფლებას იტოვებს შეიჭრას ყველგან, სადაც ადამიანები რუსულად ლაპარაკობენ. ასეთი ქვეყანა კი ძალიან ბევრია.

2016 წლის 24 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გეოგრაფიის ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს ხვდებოდა.

სად მთავრდება რუსეთის საზღვარიო, ჰკითხა ერთ ბიჭს. “რუსეთის საზღვარი მთავრდება ბერინგის სრუტეზე, აშშ-სთან”, - უპასუხა მან. პუტინმა ბავშვს მხარზე ხელი მოუთათუნა და შეუსწორა: “რუსეთის საზღვარი არსად არ მთავრდება”.

“რუსული სამყარო”

5 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია. დოკუმენტის მთავარი თეზისი ე.წ. რუსული სამყაროა. რუსეთი მისი “ტრადიციების და იდეალების დაცვას, შენარჩუნებასა და დამკვიდრებას” მთელ სამყაროში გეგმავს.

კონცეფციის თანახმად, რუსეთმა საზღვარგარეთ უნდა გაავრცელოს რუსული კულტურა, ენა და ღირებულებები.

რა არის “რუსული სამყარო”? მოკლე შინაარსი: “რუსული სამყაროა” ყველა ის ქვეყანა და ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური რუსები, რუსეთის მოქალაქეები და უბრალოდ რუსულად მოლაპარაკე ადამიანებიც.

ცხადია, რუსული სამყაროს ცენტრი, თავად რუსეთია. ეს ჯერ კიდევ 2014 წელს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა. ვლადიმირ პუტინი კი “ალბათ რუსული სამყაროს უსაფრთხოების მთავარი გარანტია”.

თუმცა ზოგს ეს ახსნა ეცოტავება. 2021 წელს უკრაინის საკითხებში პუტინის ყოფილი მრჩეველი, ვლადისლავ სურკოვი ამბობდა, რომ “რუსული სამყარო იქაა, სადაც პატივს სცემენ პუტინს და ეშინიათ რუსული იარაღის”.

ბევრისთვის “რუსული სამყარო”, პირველ რიგში, უკრაინა და ბელარუსია. ასე ფიქრობს, მაგალითად, ნაციონალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი. დუგინამდე, რუსი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი, ალექსანდრ სოლჟენიცინი წერდა, რომ უკრაინისა და ბელარუსის დამოუკიდებლობა “სლავური ტრაგედიაა”.

და საქართველო? აგვისტოს ომის მომდევნო წლებში, ბევრი რუსი ნაციონალისტი საქართველოს “რუსული სამყაროს” განუყოფელ ნაწილს უწოდებდა. რატომ? მათი მტკიცებით, სწორედ რუსეთმა იხსნა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რუსული კულტურა კი დღემდე უდიდეს ზეგავლენას ახდენს საქართველოზე.

2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, პოლიტოლოგი იური სოშინი წერდა: “საქართველო არ იღებს მისთვის თავს მოხვეულ “ევროპულ ღირებულებებს”. ღრმა სულიერი ღირებულებებისა და საზოგადოებრივი იდეალების კუთხით, რუსეთი ქართველებისთვის და საქართველოსთვის ამერიკაზე გაცილებით ახლოა. ამას ვეღარაფერი შეცვლის”.

ალექსანდრ დუგინი

ალექსანდრ დუგინი კი პირდაპირ ამბობდა, რომ რუსეთს ყოველთვის ექნება დასაყრდენი საქართველოში ქართველების ნაციონალიზმის გამო. გარდა ამისა, “საქართველომ უნდა გაითვალისწინოს რუსეთი, მაგრამ არა უკვე საბოლოოდ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, არამედ იმისთვის, რომ სხვებიც არ დაკარგოს”, - თქვა მან 2019 წელს.

პუტინის ხელმოწერილ დოკუმენტში საქართველოს კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი დახვდა. მოსკოვის მთავარი პრიორიტეტია, “გააფართოოს თანაშრომლობა” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. მათი მოსახლეობის უმრავლესობას რუსული პასპორტი აქვს.

ომები თავისიანების დასაცავად

რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკური რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა - უკანასკნელ 14 წელიწადში კრემლი მათი დაცვით არაერთხელ დაიმუქრა და ამ მოტივით სამი ომი დაიწყო.

2008 წლის ოკუპაციას წინ უძღოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული პასპორტების დარიგება. უკვე 2006 წლისთვის, იქ მცხოვრებთა 90%-ს ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა.

2014 წლის მარტში, უკრაინისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის წართმევას პუტინი იმით ხსნიდა, რომ ეს ისტორიულად რუსული მიწაა და მოსახლეობის უმრავლესობა იქ რუსულად ლაპარაკობს. ანექსიამდე ბოლო აღწერა ყირიმში 2001 წელს ჩატარდა. 60%-მა თქვა, რომ ეთნიკურად რუსია. რუსული მშობლიურ ენად თითქმის 77%-მა დაასახელა.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთი იქაურ სეპარატისტებს მხარს უჭერდა და აცხადებდა, რომ კიევი რუსულენოვან მოსახლეობას ჩაგრავს. ორ წელიწადში პუტინმა აღიარა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს ჯარით დაეხმარა.

თითქმის იგივე თქვა ამ წლის თებერვალშიც, როდესაც ჯერ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, შემდეგ კი უკრაინაში შეიჭრა.

“რუსული სამყარო” ფართოვდება?

ახალი ჰუმანიტარული კონცეფციის ფარგლებში, რუსეთი ყურადღებით დააკვირდება, როგორ იცავენ საქართველო, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს.

2014 წლის აღწერის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 25 ათასი ეთნიკური რუსი ცხოვრობდა. თუმცა ბოლო წლებში საქართველოს რუსეთის არაერთმა მოქალაქემ შეაფარა თავი. ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ჩამოვიდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში “რადიო თავისუფლება” ათეულობით იმიგრანტს ელაპარაკა. უმრავლესობისთვის, რუსეთში დარჩენა პატიმრობას ნიშნავდა, ზოგისთვის კი სიკვდილს. მათ პუტინის დაცვა არ სჭირდებათ. პირიქით, აქ იმ იმედით ჩამოვიდნენ, რომ უფრო დაცულები იქნებიან მისგან.

ენ ეპლბაუმი

ჰუმანიტარული კონცეფციის მიღებამდე ერთი თვით ადრე, პულიცერის პრემიის ლაურეატმა, ჟურნალისტმა ენ ეპლბაუმმა ივარაუდა, რომ პუტინს სამეზობლოში დემოკრატიის განადგურება სურს და “მოსახლეობას რუსული სამყაროს ახალი გაფართოებისთვის ამზადებს”.

მართლაც, კრემლი სულ უფრო ხშირად ამბობს, რომ მეზობლები რუსულენოვან მოსახლეობას და რუსულ კულტურას ავიწროებენ. მაგალითად, 2021 წელს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყირგიზეთი და ყახაზეთი ქსენოფობიაში დაადანაშაულა.

ორივე რესპუბლიკაში რუსულს სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს და რუსები ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობა არიან. თითქმის 19-მილიონიან ყაზახეთში 3,5 მილიონი ეთნიკური რუსი ცხოვრობს. ყირგიზეთის მოსახლეობა 6,5 მილიონია. აქედან 400 ათასი ეთნიკური რუსია.

მუქარები ისმის მოლდოვის მისამართითაც. მის სადავო ტერიტორიაზე, დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში, 469 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათი თითქმის 30% რუსია.

პირველ სექტემბერს სერგეი ლავროვმა პირობა დადო, რომ “ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს”.

დიდი რუსული დიასპორა ბალტიისპირეთის ქვეყნებშიცაა. 7 სექტემბერს მათ ერთობლივად გადაწყვიტეს, საერთოდ აღარ შეუშვან თავიანთ ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეები. ისინიც კი, ვისაც შენგენის ვიზა აქვთ.

მსოფლიო ენების ცნობარის, “ეთნოლოგის“ თანახმად, სულ მსოფლიოში რუსულად 258 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. მათგან 166 მილიონისთვის რუსული მშობლიური ენაა. ისინი დედამიწის მოსახლეობის 2,3 პროცენტი არიან.