ოზურგეთში ქალი კაცმა დაჭრა. შემთხვევა გუშინ, 8 სექტემბერს მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანა. მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული.
"მედალფას" კლინიკურმა დირექტორმა დავით მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტი რეანიმაციაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
"112-მა შემოიყვანა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულ-მკერდის არეში, მარცხნივ. დაზიანებული იყო პლევრა და პერიკარდი. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და გაუკერეს გულის კუნთი", - თქვა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე, ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს.