თავდაცვის სამინისტრო არ რეაგირებს უწყების თანამშრომელი ქალის მისი ხელმძღვანელის მხრიდან შევიწროების ფაქტზე, აცხადებს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს. სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ „აქტიურად მუშაობს“.
ახალგაზრდა ქალმა უფლებადამცველებს 23 აგვისტოს მიმართა და უთხრა, რომ ხელმძღვანელი ავიწროებდა სექსუალურად: მიმართავდა დამაკნინებელ, დამამცირებელი სიტყვებით.
„საფარის“ ცნობით, კიდევ ორი ქალი საუბრობს იმავე ხელმძღვანელის მხრიდან შევიწროების შესახებ.
მეორე დღესვე, 24 აგვისტოს, მიმართეს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და გადასცეს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები. თუმცა „საფარის“ განცხადებით, უწყებას ორი კვირის განმავლობაში რეაგირება არ ჰქონია.
„ამ ქალს კვლავ უწევს იმ უფროსთან მუშაობა, რომელსაც ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებაში. არის უკიდურესად შეშინებული და ცდილობს გამოიყენოს შვებულება სრულად, რათა არ მოუწიოს სამსახურში გასვლა იმავე მდგომარეობაში“, - აცხადებს „საფარი“ და ამატებს, რომ თავდაპირველად გენინსპექციაში მტრულად განწყობილი დახვდნენ და დამოკიდებულება მხოლოდ მას შემდეგ შეცვალეს, რაც გაიგეს, რომ ქალს ადვოკატი „საფარიდან“ ახლდა.
თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ გნერალური ინსპექცია „აქტიურად მუშაობს“ და უკვე გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, შევიწროებაში დადანაშაულებული კაცი.
„გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა ერთი მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორეს მხრივ, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია“.