უკრაინამ კონტრიერიშის შედეგად 8500 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა
უკრაინა განაგრძობს კონტრშეტევას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან უკვე მოახერხა 8500 კვ.კმ ტერიტორიის დაბრუნება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. უკრაინამ თითქმის მთლიანად განდევნა მოწინააღმდეგე ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ხარკოვის ოლქიდან
გათავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში გამოტოვებული ხუთი თვის პენსიის დარიგება დაიწყეს.
მარცხს აღიარებს მოსკოვი, თუმცა ცდილობს უკან დახევა ტაქტიკურ სვლად გაასაღოს. დანაკარგების მასშტაბები კი საკმაოდ დიდია. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის კონტრშეტევამ იმდენად დაასუსტა რუსეთი, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი ვეღარ გაუწევს წინააღმდეგობას ნატოს.
“დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება” - ვინ ახსნის, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი კანონში?
საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა 7 სექტემბერს წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონში აჩენს ისეთ ცნებებს, როგორიცაა პასუხის უფლება და ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა.
კანონპროექტის ავტორები საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან ჰარმონიზაციით ხსნიან, მედია კი შიშობს, რომ კანონი ცენზურის დაწესების და კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობაა.
ადამიანს, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს, რომ მაუწყებელმა მასზე არასწორი ინფორმაციის გადაცემით ზიანი მიაყენა, უფლება ექნება მაუწყებელს მოსთხოვოს “მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა“. შესწორებისთვის ჟურნალისტებს ექნებათ 10 დღე. თუკი რედაქცია უარს იტყვის შესწორებაზე, მოქალაქეს ექნება უფლება მიმართოს მარეგულირებელ კომისიას ან სასამართლოს. კონკრეტულად როგორ შეიძლება წარიმართოს ეს პროცესი და რა შემთხვევაში შეიძლება მიმართოს მომჩივანმა სასამართლოს და რა შემთხვევაში კომისიას, კანონის ამ დროისთვის არსებულ დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის.
კანონი ასევე არ აზუსტებს, რა იგულისხმება აუდიტორიის ქვეცნობიერზე ზემოქმედებაში. საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში მედიას აეკრძალება აუდიტორიის ქვეცნობიერზე ზემოქმედება. ასევე არაა ცნობილი, ვინ დაადგენს, იმოქმედეს თუ არა ჟურნალისტებმა (ან რეკლამამ) მაყურებლის ქვეცნობიერზე.
კანონპროექტზე ბევრი კითხვის ნიშნით, გაიგე მეტი ნასტასია არაბულის სტატიიდან.
ერევანში საპროტესტო აქცია გაიმართა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით
სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგი დაპირისპირებისა და დაძაბულობის ზრდის ფონზე ოთხშაბათს საღამოს ერევანში მოქალაქეები გამოვიდნენ. ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
გუშინ საღამოს ფაშინიანმა უარყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სომხეთმა აზერბაიჯანთან ხელი მოაწერა მთიანი ყარაბაღის დათმობის შესახებ შეთანხმებაზე.
„ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, არ დაემორჩილოთ მანიპულირებას. არც ერთი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც მზადდება ხელმოწერისთვის. ეს არის საინფორმაციო დივერსია, რომელსაც მიმართავენ არამეგობრული გარე ძალები, რათა დაარღვიონ ქვეყნის იმუნიტეტი“, - წერს ფაშინიანი ფეისბუკზე.
2020 წლის ე.წ. 44-დღიანი ომის შემდგომი შედარებით მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ, 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ერთმანეთს. აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ 50 ჯარისკაცი დაიღუპა ღამის შეტაკებებში, სომხეთის თანახმად კი, ამ ორ დღეში 105 სომეხი სამხედრო დაკარგა. მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის განახლებაში.
რის მიღწევას ცდილობს აზერბაიჯანი? რას არ თმობს სომხეთი? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
რამზან კადიროვის არასრულწლოვანი შვილი ჩეჩნეთის ყველა ახალგაზრდული ორგანიზაციის გაერთიანებას უხელმძღვანელებს
ჩეჩნეთის ლიდერ, რამზან კადიროვის 16 წლის შვილი ახმედ კადიროვი "ახალგაზრდა თაობის აღზრდის ახალი იდეების" განსახილველად რუსეთის განათლების მინისტრ სერგეი კრავცოვს შეხვდა. რადიო თავისუფლების საიტ "კავკაზ.რეალიის" ცნობით, ამ შეხვედრის შესახებ მაყურებელს ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "გროზნომ" უამბო.
რუსეთის ფედერალურმა მინისტრმა მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის მეთაურის შვილის კანდიდატურას რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდული მოძრაობის რეგიონული ლიდერის პოსტზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახმედ კადიროვის ხელმძღვანელობის ქვეშ რეგიონის ყველა ახალგაზრდული და საბავშვო ორგანიზაცია გაერთიანდება.
პარტიზანად ქცეული უკრაინელი ჟურნალისტის თავგადასავალი
უკრაინელმა ჟურნალისტმა, კონსტანტინ რიჟენკომ, თითქმის ნახევარი წელი იცხოვრა ოკუპირებულ ხერსონში. ინტერვიუში, რომელიც მან რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტს - Настоящее Время-ს, 13 სექტემბერს მისცა, ჰყვება, როგორ გახდა პარტიზანი, რა ტიპის დავალებების შესრულება უწევდა და როგორ გამოაღწია ოკუპირებული ტერიტორიიდან. როგორც კონსტანტინ რიჟენკო ამბობს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რა დროც მან პარტიზანულ, იატაკქვეშა ცხოვრებას დაუთმო, იღებდა დავალებებს უკრაინის სპეცსამსახურებისგან - უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მთავარი სამმართველოდან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან.
- როგორ აღმოჩნდი იატაკქვეშა, პარტიზანულ მოძრაობაში? - ეკითხება Настоящее Время-ს ჟურნალისტი კონსტანტინ რიჟენკოს.
კონსტანტინ რიჟენკო: თავიდანვე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთის ძალებს წინააღმდეგობას უწევდნენ. როდესაც სასტიკი რეპრესიები დაიწყო, მოგვიწია, რომ დაგვემალა ჩვენი საქმიანობა, არ მიგვეპყრო ზედმეტი ყურადღება, არ შეგვემჩნია, რომ წინააღმდეგობის მოძრაობასთან რაიმე კავშირი გვქონდა და ისე გაგვეგრძელებინა მუშაობა.
- როგორ და რატომ მიხვედით აქამდე? ხომ შეიძლებოდა, რომ მაგალითად, მშვიდად მსხდარიყავით და დალოდებოდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს?
მტრები შენს სახლში არიან და შენ კი მშვიდად ელოდები - ასე არ შეიძლება.
ინტერვიუ სრულად წაიკითხე აქ.
ანა ფოტიგა, ევროპარლამენტის წევრი, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში. მონაწილეობა მიიღო თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში და გამართა არაერთი შეხვედრა თბილისში. ვრცელ ინტერვიუში ის რადიო თავისუფლებას უზიარებს მოსაზრებებს უკრაინაში მიმდინარე ომით შეცვლილ საერთაშორისო დღის წესრიგსა და საქართველოს ადგილზე ამ პროცესებში: „ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, როგორღაც დარჩეს შუაში და თვლის, რომ შესაძლებელია ორმხრივი თამაში. ჩემი აზრით, დღეს ეს შეუძლებელია. ეს არის სისტემების ნამდვილი შეჯახება“. ანა ფოტიგას სჯერა, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული ვითარებაზე უკრაინაში: „ვიცი, რომ ათასობით ქართველს ეს ესმის, ზოგიერთი ფიზიკურად იქ იმყოფება და იბრძვის, ესმით რა, რომ უკრაინაში ომის შედეგი ნამდვილად მოახდენს ზეგავლენას მთელ რეგიონზე, ჩემი გულწრფელი აზრით კი - მთელ მსოფლიოზე“.