20 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ თავდასხმები მათ მიმართ. ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვისა და ჯანსაღ დისკუსიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც საუბრობენ.
"შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მსგავსი ხასიათის თავდასხმები. ამგვარი განცხადებები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის. აუცილებელია პარალელების გავლება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც, როდესაც გარკვეული სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების "მიზანში ამოღება" ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ასეთ რეჟიმებში ბოლო პერიოდის ტრენდს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით უფლებადაცვით და დემოკრატიზაციის ხელშემწყობ ორგანიზაციებზე თავდასხმები, მათი ფინანსური ბრუნვის კონტროლი და „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადება. მსგავსი ტრენდი შეინიშნება რუსეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში და არამხოლოდ", - წერია განცხადებაში.
აქვე მოყვანილია საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის 12 სექტემბრის ის განცხადება, რომელშიც ის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით სვამდა კითხვებს.
"რამდენიმე მილიონზე და ათეულ მილიონზეა საუბარი, რომლითაც ფინანსდებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნის კამპანიის დასაგეგმად და ა.შ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ეს თანხები, რა მიზნობრიობით იხარჯება, საიდან ფინანსდებიან და ა.შ. რადგან ამას გამჭვირვალობისთვის, იმისთვის, რომ საზოგადოება მიხვდეს კიდევ უფრო ზუსტად, რაში რა იხარჯება და როგორ არის ამ ფულის უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, ამის შესახებ მგონია საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს", - თქვა მდინარაძემ.
ამ განცხადებიდან მეორე დღეს, 13 სექტემბერს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, "სამართლიანი არჩევნები" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", ვერ ჩაერთვებოდა სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე შექმნილი ჯგუფის საქმიანობაში.
"ერთადერთი, რაც განასხვავებს მათ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ეს არის სიმდიდრე, ისინი არიან უფრო მდიდრები, ვიდრე სხვები. რეპუტაცია საზოგადოებაში აქვთ ძალიან დაბალი, კომპეტენცია, კვალიფიკაცია აქვთ ძალიან დაბალი; ასეთ პირობებში, არ მგონია, საზოგადოებისთვის რაიმე ფორმით იყოს დასანანი ან ISFED-ის, ან TI-ის არჩართვა სამუშაო პროცესებში", - თქვა კობახიძემ.
არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- მედიის ინსტიტუტი;
- საფარი;
- უფლებები საქართველო;
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT);
- ალტერნატივა ჯორჯია;
- ჩართულობის და განვითარების ცენტრი;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი;
- ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი;
- ღია საზოგადოება–საქართველო;
- მოძრაობა „სირცხვილია“;
- ქალთა ფონდი საქართველოში;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- საქართველოს შემეცნებითი ცენტრი;
- სოლიდარობის თემი;
- მედიის განვითარების ფონდი;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.