საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ სპორტული ფედერაციები სახელმწიფოსთან ანგარიშვალდებული არიან. ამის მიზეზად პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფარგლებში საუბრისას, მან ფედერაციების სახელმწიფო სახსრებით დაფინანსება დაასახელა.
"სამწუხაროდ, სრულად ჯერ კიდევ აფინანსებს ფედერაციების 99% პროცენტზე მეტს. ერთადერთი გამონაკლისია ფეხბურთის ფედერაცია, თუმცა იქაც ვერ ვიტყვით, რომ სრულად არ აფინანსებს სახელმწიფო, რადგან არსებობს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტი წელს არის 37 417 800 ლარი. შესაბამისად, ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი სპორტის სახეობა სახელმწიფოს წინაშე, როდესაც საუბარია კარგ მმართველობაზე, სპორტის შედეგზე", - თქვა მინისტრმა.
წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტული ფედერაციების ვალდებულებაა, გაითვალისწინონ სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესები, რომელთა შორისაც არის წელიწადში ერთხელ საერთო კრების გამართვა და მმართველი რგოლის 4-წლიანი ვადით არჩევა.
"ეს არის მინიმალური პრინციპები, რომელმაც სპორტულ ფედერაციებში არა სამუდამო, მემკვიდრეობითი და ერთპიროვნული მმართველობა უნდა გაამყაროს, არამედ უზრუნველყოს ხელმძღვანელების მონაცვლეობა გონივრული ხანგამოშვებით... ასევე, უზრუნველყოს ისეთი შედეგი, რომლის მთავარი მიზანიც არის სპორტსმენის და ქართული სპორტის გამარჯვებისთვის ზრუნვა და არა პირადი ინტერესების წინ დაყენება.
ეს არის ის საბაზისო რამ, რომელმაც ნებისმიერ ორგანიზაციაში უნდა უზრუნველყოს კარგი მმართველობა... ამ სახელმძღვანელო წესების დამტკიცებას მოჰყვა ზოგიერთ ფედერაციაში გარკვეული უკმაყოფილება, განსაკუთრებით იქ, სადაც მიჩვეული იყვნენ ერთი და იგივე ჯგუფი მართავდა დაბადებიდან გარდაცვალებამდე ორგანიზაციას და არავინ თვლიდა თავს ანგარიშვალდებულად სამინისტროს წინაშე", - თქვა მან.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს სავალდებულო, სახელმძღვანელო წესები სამინისტრომ 2021 წლის 16 დეკემბერს დაამტკიცა და 54 ფედერაციიდან - 44-მა გაითვალისწინა.