ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა

ფოტო არქივიდან: ლევან გორგაძე

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძისთვის სექტემბრის ბაშო წარუმატებელი გამოდგა. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილმა სეკიტორიმ თხუთმეტი შეხვედრიდან მხოლოდ შვიდი მოიგო და 2022 წლის სეზონის ბოლოსწინა სუპერტურნირი მინიმალური უარყოფითი ბალანსით - მაკე კოშით დაასრულა.

ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოზე აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგში გამოდიოდა. ფინიშამდე სამი ტურით ადრე, უკვე რვა წაგება ჰქონდა და შესაბამისად, ადრიანადვე გაირკვა, რომ სარეიტინგო დაღმასვლას ვერ გადაურჩებოდა. რამდენი საფეხურით დაქვეითდებოდა, ამას დარჩენილი სამი ბრძოლა გაარკვევდა.

სუმოს ელიტაში მოჭიდავე ერთადერთმა ქართველმა ბოლო სამ დღეში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - უარყოფითი ბალანსი ოთხი ქულიდან მინიმუმამდე დაიყვანა. დასკვნით ტურში ლევან გორგაძემ „იმპერატორის თასის“ მოქმედი მფლობელი იჩინოჯო დაამარცხა და ნოემბრის ბაშოს, სავარაუდოდ, მინიმალურად გაუარესებული პირადი რეიტინგით შეხვდება.