დავით კეზერაშვილი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

დავით კეზერაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, ტელეკომპანია "ფორმულის" 51-პროცენტიანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართვაზე ოპოზიციაში გაჩენილ ბრალდებებს განცხადებით პასუხობს. მისი თქმით, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები "რუსული პროპაგანდის სტილში" არ ერიდებიან ცილისწამებას.

"უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება ჩემ მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას. გულდასაწყვეტი სიახლე ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ", - აცხადებს კეზერაშვილი.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ მისი არჩევანია არ მოხვდეს "გაუგებარ კინკლაობაში", რადგან ქვეყანას უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს:

"ჩემი გააზრებული არჩევანია, არ შევიდე ამ გაუგებარ კინკლაობაში. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურის და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი".

განცხადების ერთი ნაწილი პოლიტიკაში მის გავლენას შეეხება.

"მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა. ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. გვერდში დავუდგე მხოლოდ მათი სურვილისა და პარტნიორობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში.

მკაფიოდ ვამბობ - მე არასოდეს ჩავრეულავარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში.

პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე", - წერს კეზერაშვილი.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ არ აქვს ქართულ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი, არ აპირებს შორიდან უყუროს და უმოქმედო იყოს თავისი მეგობრების ციხეში ყოფნის დროს:

"ისინი [მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია] რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის".

ასევე ნახეთ დავით კეზერაშვილი: ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას

24 სექტემბერს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თქვა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მისი პარტიისთვის სახიფათოა.

"[როცა] შესაძლებელია პარტიაში არაფორმალური გავლენები შემოვიდეს, მე ასეთ ადამიანთან მინდა შევწყვიტო პარტნიორობა... პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ასეთი პარტნიორული ურთიერთობა სახიფათოა ამ პარტიისთვის და შესაბამისად, შემდეგში შეიძლება ამ სახელმწიფოსთვის... პარტიაში არაფორმალური გავლენა არცერთმა პარტნიორმა არ უნდა შემოიტანოს... დავინახე ამის საფრთხე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე ნახეთ ნიკა მელიას თქმით, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობა სახიფათოა პარტიისთვის

მანამდე, 21 სექტემბერს, მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ერთი კვირით ადრე ნათქვამ "მოოლიგარქო ტიპებში" დავით კეზერაშვილი იგულისხმა.

2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ტელეკომპანია "ფორმულის" 51%-იანი წილის მესაკუთრეს, დავით კეზერაშვილს, უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. პროკურატურა კეზერაშვილს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას ედავებოდა.

ასევე ნახეთ უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა