ოკუპირებული ცხინვალის უნივერსიტეტში ევაკუაცია გამოცხადდა

ევაკუაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უნივერსიტეტიდან

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უნივერსიტეტიდან სტუდენტების და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს.

იქ მყოფმა ადამიანებმა შენობის დაცლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დე ფაქტო "კაგებემ" ანონიმური წყაროსგან მიიღო ინფორმაცია უნივერსიტეტის დანაღმვის შესახებ. ადგილზე საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.

„ხუთშაბათს 10.41 საათზე (მოსკოვის დრო) მივიღეთ შეტყობინება, რომ შესაძლოა, დანაღმული იყოს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა - ზარი კაგებეში-ში შევიდა ანონიმური წყაროსგან. სამინისტროს თანამშრომლები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით და შესაბამისი აღჭურვილობით სასწრაფოდ გაემგზავრნენ ადგილზე. ადგილზეა საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე აცამაზ ბესთაუთიც“, - განუცხადეს ცხინვალელ ჟურნალისტებს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამართალდამცავებმა დაიწყეს ასევე ცხინვალის მე-3 სკოლის მოსწავლეებისა და თანამშრომლების ევაკუაცია. სკოლა მდებარეობს უნივერსიტეტის შენობის სიახლოვეს. ოსური მედიის ცნობით, სამართალდამცავებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოხდეს ცხინვალის ყველა სკოლის ევაკუაცია და შენობები ასაფეთქებელ ნივთიერებებზე შემოწმდეს.