სექტემბერში რუსეთში, წინა თვესთან შედარებით, 6 პროცენტით დაეცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ნათქვამია "ლევადა-ცენტრის" მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის თანახმად, პუტინის საქმიანობას მხარდაჭერას უცხადებს გამოკითხულთა 77%. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 80% იყო.
"ლევადა-ცენტრმა" აღნიშნული გამოკითხვა ჩაატარა მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პუტინის რეიტინგი, "ლევადას" გამოკითხვების მიხედვით, დაახლოებით 70 პროცენტი იყო, ომის დაწყების შემდეგ კი 80%-საც გადასცდა, რაც ბოლო დრომდე შენარჩუნებული იყო.
მაგრამ ღია გამოკითხვის თანახმად - როდესაც რესპონდენტებს შესთავაზეს თავად დაესახელებინათ პოლიტიკოსები, რომლებსაც ენდობიან - პუტინის რეიტინგი 44%-დან 40%-მდე დაეცა.
"ლევადა-ცენტრი" ანგარიშში აღნიშნავს, რომ რუსეთში მოსახლეობის ნდობის დონე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართაც დაეცა, ასევე შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. აგვისტოში ასეთი ადამიანების რიცხვი 67% იყო, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ კი, 7%-ით შემცირდა.