ტერაქტის შედეგად ავღანეთში 19 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა გოგოა - AFP

აფეთქების დროს დაღუპულთა უმრავლესობა გოგოა

სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა 30 სექტემბერს ავღანეთის დედაქალაქის შიიტურ რაიონში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქაბულის პოლიციის პრესმდივანმა აცნობა.

რაიონი, სადაც პარასკევს დილით ტერაქტი მოხდა, უპირატესად შიიტური ეთნიკური ჯგუფით, ჰაზარებით არის დასახლებული. პოლიციის პრესმდივნის, ხალიდ ზარდანის თქმით, აფეთქება ახალგაზრდებით სავსე აუდიტორიაში მოხდა.

აფეთქების დროს აუდიტორიაში 150 აბიტურიენტი იმყოფებოდა. ზარდანის თანახმად, დაღუპულთა შორის არიან საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს აბარებდნენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც 30 სექტემბერს აფეთქება მოხდა, მოსამზადებელი გამოცდებისთვის ძირითადად უფროსი ასაკის მდედრობითი და მამრობითი სქესის აბიტურიენტებს ამზადებს.

აფეთქების დროს დაჭრილმა ერთ-ერთმა სტუდენტმა, აკბარმა, სააგენტო "ფრანს პრესს" უთხრა, რომ დაღუპულთა უმრავლესობა გოგოა.

ქაბულში პარასკევს მომხდარი აფეთქება, რომელზეც პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას ჯერჯერობით არ აუღია, გაგრძელებაა იმ ძალადობის ტალღისა, რამაც ავღანეთი მოიცვა შარშანდელი აგვისტოდან, "თალიბანის" მიერ ძალაუფლების ხელმეორედ ხელში ჩაგდებიდან.