კელი დეგნანი: მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმაურება ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს და მას მიუღებელს უწოდებს.

"მინდა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია გადმოგცეთ. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბატონი ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომლის პოლიტიკურმა ლიდერებმა სხვადასხვა სპექტრიდან გამოთქვეს პოზიცია ამ მიუღებელ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს.

განსაკუთრებით მტკივნეული და შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავის მეორე დღეს, როდესაც პირადად მე და მრავალმა სხვამ, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი აღდგენისა და მთელ რეგიონში მშვიდობისთვის“, – უთხრა კელი დეგნანმა დღეს, 30 სექტემბერს ჟურნალისტებს.

ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს წინასწარ უცნობი ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

ლუკაშენკას არაოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში თბილისის თანხმობის გარეშე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ „მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში“. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რეაგირება იქნება უმკაცრესი.

საქართველოს პირველმა პირებმა ლუკაშენკას არაოფიციალურ ვიზიტს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა“ უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც პუტინისა და ლუკაშენკას პორტრეტები დაწვეს.

ასევე ნახეთ

"საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოა" - კინზინგერი ლუკაშენკას ვიზიტზე