კრემლში მიმდინარეობს ცერემონია, რომლითაც იწყება უკრაინის ნაწილების რუსეთისთვის მიერთება

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში გახსნა ცერემონია, რომლითაც იწყება საერთაშორისო კანონების დარღვევით უკრაინის ნაწილების მიერთება რუსეთისთვის.

თავისი საზეიმო გამოსვლის დასაწყისში პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას უწოდა „ტრაგედია“, რომელიც მოხდა მაშინ, როცა „კომუნისტური პარტიის ლიდერებმა საბჭოთა კავშირის დაშლა გადაწყვიტეს უბრალო ხალხთან კონსულტაციების გარეშე“.

„ლუგანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში მცხოვრები ადამიანები ახლა რუსეთის მოქალაქეები ხდებიან“, - თქვა პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონზე, რომლებსაც ნაწილობრივ აკონტროლებს მოსკოვი.

„მათ არჩევანი გააკეთეს და რუსეთი მათ არ უღალატებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ეს არის ჩვენი ხალხის დიდი გამათავისუფლებელი მისია“, - თქვა პუტინმა.

წმ. გიორგის საზეიმო დარბაზში მიმდინარე ცერემონიას რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან ერთად ესწრებიან უკრაინის ოთხი რეგიონის ხელმძღვანელები, რომლებიც მოსკოვმა დანიშნა. ისინი ხელს მოაწერენ რუსეთთან შეერთების ხელშეკრულებებს.

ცერემონიამდე სამი დღით ადრე კრემლმა მის მიერ კონტროლირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე გაიმართა რეფერენდუმები რუსეთთან შეერთების თაობაზე. კიევმა და დასავლეთმა დაგმეს რეფერენდუმები როგორც ტერიტორიების უხეში მითვისება.