ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებაზე: ძალისმიერ ანექსიას მომავალი არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკუთარი ქვეყნის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ. ზურაბიშვილი ამ საკითხზე გამოქვეყნებულ ტვიტში უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.

"ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს. ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!" - წერს ზურაბიშვილი.

დღეს, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

ასევე ნახეთ კრემლში ხელი მოაწერეს უკრაინის კუთვნილი ოთხი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას

ყირიმის, ისევე როგორც ახალი ტერიტორიების ანექსიას, არ ცნობს მსოფლიო თანამეგობრობა.