რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ამის შესახებ მან დეპუტატებისა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, ყველანაირი საბრძოლო მოქმედებები, ომი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღეს და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთმა არაერთხელ გამოხატა მოლაპარაკებების თაობაზე მზადყოფნა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეს, მოსკოვმა განაცხადა, რომ მზად იყო ეწარმოებინა მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან ნეიტრალური სტატუსის აღიარებისა და განიარაღების თაობაზე. მოგვიანებით კრემლმა უკრაინის სრული დემილიტარიზაციისა და ქვეყნის რეჟიმის შეცვლის თაობაზე დაიწყო საუბარი.
სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა გაზაფხულზე. კიევი ახლა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანამდე შეთანხმებას შეუძლებლად მიიჩნევს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
ასევე ნახეთ კრემლში ხელი მოაწერეს უკრაინის კუთვნილი ოთხი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა კრემლში, წმ. გიორგის დარბაზში.
ახლა რუსეთის სახელმწიფო დუმამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების რატიფიკაცია, რის შემდეგაც ის ფედერაციის საბჭომ უნდა მოიწონოს. არ არსებობს, ეჭვი, რომ ასეც მოხდება.
პროცედურის უკანასკნელი ეტაპით გათვალისწინებულია შესაბამისი კანონის ხელმოწერა რუსეთის პრეზიდენტის მიერ.
კრემლის წმ. გიორგის დარბაზში მსგავსი ცერემონია გაიმართა 2014 წელსაც, როცა რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია მოახდინა.
ყირიმის, ისევე როგორც ახალი ტერიტორიების ანექსიას, არ ცნობს მსოფლიო თანამეგობრობა.