ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ბრაზილიელი ამომრჩევლების რიგი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. 2022 წლის 2 ოქტომბერი

ბრაზილიაში 2 ოქტომბერს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. 30 ოქტომბერს გაიმართება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიის მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელსაც პირველ ტურში ხმა მისცა 43.2%-მა და ექს-პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელსაც მხარი დაუჭირა 48.4%-მა.

ლიბერალური პარტიის კანდიდატი, 67 წლის ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტია 2018 წლიდან. მან მსოფლიოში სახელი გაითქვა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როცა დაავადება COVID-19-ს არანაირ საფრთხედ არ მიიჩნევდა, სხვა ქვეყნების მთავრობებს შეზღუდვების გამო დასცინოდა და აცრაზეც უარი თქვა. ბრაზილია კოვიდის ეპიდემიით ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა.

საარჩევნო კამპანიის დროს, ბოლსონარუ „ბანდიტს“ უწოდებდა მის კონკურენტს, 76 წლის ლულა და სილვას, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტი იყო 2003-2010 წლებში. სოციალისტი ლულა და სილვა 2018 წელს გაასამართლეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისას კორუფციის ბრალდებით და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2021 წელს, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა.