ფინეთსა და პოლონეთში რუსეთის ელჩები გამოიძახეს უკრაინაში ჩატარებული ყალბი რეფერენდუმების დასაგმობად

უკრაინის ტერიტორიების ანექსირების აღსანიშნავი კონცერტი მოსკოვში

ფინეთი და პოლონეთი აცხადებენ, რომ რუსეთის ელჩები გამოიძახეს, რათა დაეგმოთ რუსეთის მცდელობა უკანონოდ მოახდინოს უკრაინის ოთხი დამატებითი ტერიტორიის ანექსირება რეფერენდუმებით, რომლებსაც ფართოდ მიჩნევენ, რომ ყალბია.

როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 3 ოქტომბერს ტვიტერით წერს, რუსეთის ელჩი გამოიძახეს იმისთვის, რათა "უმკაცრესად დაეგმოთ ყალბი რეფერენდუმები და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსირების გამოცხადება, უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და გაეროს ქარტიის უტიფარი დარღვევა".

ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარცინ პშიდაჩმა 3 ოქტომბერს მედიას უთხრა, რომ რუსეთის ელჩი გამოიძახეს "რუსეთის მიერ გასულ კვირაში განხორციელებული ქმედებების გამო". მისი თქმით, "ამ პოზიციის გამოხატვისთვის" ევროპის გარშემო, დიდი ალბათობით, კვლავ გაიმართება ამგვარი შეხვედრები. პშიდაჩი დასძენს, რომ მისი ვარაუდით, მოცემულ მომენტში რუსეთის ელჩი არ გამოცხადდება პერსონა ნონ გრატად. "დღეს ასეთ განცხადებას არ გავაკეთებ", - თქვა პშიდაჩმა.