რეგულირების სააგენტო სააკაშვილთან ექსპერტების დაშვებაზე განცხადებას ავრცელებს

არქივის ფოტო: ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ყოფილ პრეზიდენტ, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექსპერტების დაშვების პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ცენტრმა "ემპათიამ" ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მისანიჭებლად, 3 ოქტომბერს დამატებითი დოკუმენტები წარადგინა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტო უცხოელი ექსპერტებისთვის სამედიცინო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს პირველივე სხდომაზე განიხილავს, თუმცა სხდომის თარიღი მითითებული არ არის. სააგენტო ასევე განმარტავს, რომ არ მსჯელობს პაციენტის ნახვის უფლების გაცემაზე და მხოლოდ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს.

ცენტრმა "ემპათიამ“ 2022 წლის 6 ივნისს მიმართა სააგენტოს უცხო ქვეყნის სპეციალისტების, ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისათვის, საქართველოში დროებით, 6 თვით, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, "ემპათიის" მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არ იყო ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ისინი ამის გამო ვერ ახერხებენ ამ დრომდე სააკაშვილის მონახულებას, დანარჩენ სამ ექსპერტს კი, უკვე მინიჭებული აქვს 6 თვით საექიმო საქმიანობის უფლება.

დღეს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტ ჯეიმს კობის დაშვების მოთხოვნით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ასევე ნახეთ ნიკა მელია: ივანიშვილი ორი კურდღლის ნაცვლად ორ აგურს დაიჭერს

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“.

იგი აგვისტოში მოინახულეს ამერიკელმა და შვეიცარიელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა. ეს უკანასკნელი გაეროშია აკრედიტებული. მათ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ისტორიის შესწავლა დაიწყეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობენ, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.