ავტორი: ლუკა ოქროპირაშვილი
,,ხორციელი სიამოვნება რომ ბედნიერებისკენ გზა იყოს, მაშ მხეცები ბედნიერები იქნებოდნენ, რადგან ისინი მთელ დროსა და ენერგიას სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ატარებენ.’’
ბოეთიუსი, ,,ფილოსოფიის ნუგეში’’ (76)
ბოეთიუსის მიერ, ცივილიზაციის მატერიალისტური ბუნების ჩასახვის პერიოდში გაკეთებულმა დაკვირვებებმა (რაციონალურმა პროტესტმა ინდივიდის ექსესიურ მიჯაჭვულობაზე გარემო შესაძლებლობისკენ და ცდუნებებისკენ), რამდენიმე საუკუნეში, აწ უკვე ტოტალურად ინდუსტრიულ და კონსიუმერისტულ საზოგადოებაში მონოკულტურულ ფენომენად, ჰორიზონტალურ განზომილებად იჩინა თავი.
*ჰორიზონტალური განზომილება- სუბიექტის ობსესიური სწრაფვა პროგრესისკენ (მეტი, დიდი, უკეთესი) ყოველგვარი ღრმა დასასრულის (ფინიშის ხაზის) გარეშე.
ეს ∞ … ჰორიზონტის ხაზი … ხაფანგი-22 … დროება რომლის ავტორები, მსახიობები და მაყურებლები(ც) კი ჩვენ ვართ და არავინ სხვა.
მაგალითი 1 : იპოვეთ სწორი პასუხი
√ჰორიზონტალური განზომილება - ბოლო საუკუნეების ადამიანი, რომელმაც უნდა განვლოს კულტურულ-სოციალური ევოლუციის ფუნდამენტალური საფეხურები (სკოლა-უნივერსიტეტი-პროფესია-ოჯახი), რომ საზოგადოების ფუნქციონალურ და სრულფასოვან წევრად ჩაითვალოს.
პასუხი: სოციალური ნორმებით, დოქტრინებით, სტანდარტებით, მაქსიმალიზმის და პერსონალური პერფექციონიზმის ეგზალტირებულ ილუზიებზე ნაკვები, თვით-ინდულგირებული და ეგოისტი, ძალაუფლების, დიდების და სიამოვნების მაძიებელთა სპირალში, გაბმულ-გახლართული ადამიანები.
√ჰორიზონტალური განზომილება = ადამიანი არა როგორც არსება, არამედ მანქანა…
თუმცა, ადამიანს მხოლოდ ცალმხრივი და ბრტყელი სამყაროსეული აღქმა როდი აქვს. რაც იმას გულისხმობს რომ, მონეტას რომლის ერთ მხარეს ჰორიზონტალური განზომილება იკავებს, მეორე მხარეც გააჩნია. ვერტიკალური, დიამეტრალურად კონტრასტული განზომილება (ხედვა), სრული ანტითეზისია ჰორიზონტალურისა. ვერტიკალური პერსპექტივა, თვითგამორკვევის და ადამიანური შემეცნების თუ სულიერების სიღრმეებში, ჭეშმარიტი საზრისის ძიების და შემდგომში მისი კულტივირების ცხოვრების ფილოსოფიაა.
მაგალითი 2 : იპოვეთ სწორი პასუხი
√ვერტიკალური განზომილება- ინდივიდი, რომელიც სრული გახსნილობით ეძიება პასუხებს (რომლებიც შეიძლება ზოგჯერ მტკივნეული და რთულად მისაღები იყოს) ისეთ ეგზისტენციალურ საკითხებზე როგორებიცაა: ვინ ვარ მე? რატომ ვარ აქ? რა არის ჩემი მისია და მიზანი? რა შემიძლია და რას უნდა ვაკეთებდე?
პასუხი: ცნობიერი, საზრისიანი და ცნობისმოყვარე ინდივიდების საზოგადოება
√ვერტიკალური განზომილება = თავისუფალი / თავის(უფალი) ადამიანები
ბოეთიუსამდეც და მის შემდეგაც, ვერტიკალური განზომილების ფილოსოფიურმა ფიქრის ხაზმა არაერთი გაგრძელება თუ ინტერპრეტაცია მიიღო. თუმცა ისტორიულ მნიშვნელობას, ზემოთ ხსენებული, მე-19 საუკუნის, გამორჩეულად მძლავრ ფილოსოფიურ მოძრაობა, ტრანსცენდენტალიზმში პოვებს. ტრანსცენდენტალისტები, ადამიანის სულის სიწმიდეს და ღირსებას, მის ინტუიციურ და სპირიტუალურ აზროვნებას ყველა მატერიალისტური სტანდარტებზე მაღლა აყენებენ. ტრანსცენდენტალიზმის ტრიუმფალურ ტექსტებად ჰენრი დევიდ თოროს, ,,უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება” და რალფ ვალდო ემერსონის ,,თავდაჯერებულობა” ითვლება.
უალდენი, თოროს მედიტაციური მემუარია მის ბუნებაში გახიზვნაზე (ანუ თანამედროვე ქალაქის ცხოვრებიდან გაქცევაზე), რომელშიც ის მკითხველს, სრული პრაგმატულობით უზიარებს დაკვირვებებს პერსონალური სპირიტუალური მოგზაურობიდან სიმარტოვეზე, ბუნებაზე, თავისუფლებაზე, ფიქრზე…
თოროსი არ იყოს, ემერსონის თვით-დახმარების ჟანრის ფილოსოფიური ესეისტიკის შედევრი ,,თავდაჯერებულობა”, დეტალიზირებულ ინსტრუქციაა გზაზე, ავთენტიკური თვითიდენტობის და ავტონომიის მოპოვებისკენ.
ორივე ტექსტის ცენტრში ინდივიდუალისტი, თავისუფალი და თვითმყოფადი ადამიანია, არა ზედაპირულ-დილეტანტური ჰორიზონტალური ხედვით, არამედ ღრმა და მდიდარი ცნობიერებით.
ცხოვრების ვერტიკალური მსოფლმხედველობის პრინციპების მქადაგებელი და მიმდევარი გახლდათ, იკონური სამოქალაქო ფიგურა, მარტინ ლუთერ კინგიც. 1967 წლის 4 აპრილის გამოსვლისას, მან ტრანსცენდენტალისტური ფიქრი ჰორიზონტალური არსებითობის სიბრტყეებზე, კიდევ უფრო შორს წაიყვანა თეისტი ფილოსოფოსის, პოლ ტილიჩის ვერტიკალური/ჰორიზონტალური ცხოვრების დეფინიციური გარდაქმნით. მარტინ ლუთერ კინგის სრულყოფილი, (ვერტიკალური) ცხოვრების სამი განზომილება შემდეგნაირად იკითხება:
• ინდივიდის ცხოვრების სიგრძე - შინაგანი ინტერესი საკუთარ უზრუნველყოფაზე და კეთილდღეობაზე.
• ინდივიდის ცხოვრების სიგანე - შინაგანი ინტერესი გარშემო მყოფების უზრუნველყოფაზე და კეთილდღეობაზე.
• ინდივიდის ცხოვრების სიმაღლე ანუ მისი სულიერ-სპირიტუალური მდგომარეობა.