"მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება“ - სააკაშვილის დროებით გათავისუფლების ორი თეორიული გზა

ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი. 11 ნოემბერი, 2021 წ.

პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება - აღნიშნავს ყველა, ვინც ბოლო დღეებში მის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში" შედის; ხოლო თავად „ვივამედი“ განგაშს უსაფუძვლოდ თვლის და ამ დრომდე გაჭიანურდა სააკაშვილთან ცნობილი ამერიკელი ექიმის შეშვება.  

როგორც სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, ექიმმა ჯეიმს კობიმ (James Cobey) ვერც პაციენტის ერთჯერადად მონახულების უფლება მიიღო. კობის ექსპერტიზა ასევე საჭიროა ადვოკატების, ხაჭაპურიძისა და გელბახიანის, მიერ წამოწყებული პროცესისთვის, რომ პატიმრისთვის სასჯელის გადავადების უფლება სასამართლოში მოიპოვონ.

პარალელურად, უკრაინა თავისი მოქალაქის - მიხეილ სააკაშვილის დროებით გადაცემას ითხოვს, ხოლო მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია.

  • რა შანსი რჩება სააკაშვილს, რომ დატოვოს საქართველოს საპატიმრო სისტემა და რა პასუხები აქვს სახელმწიფოს?

არის თუ არა მდგომარეობა კრიტიკული?

კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება, ამბობენ, რომ მდგომარეობა კრიტიკული არ არის და „ამ ეტაპზე [სააკაშვილი] არ საჭიროებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას“. 7 ოქტომბერს ასეთი პასუხი მიიღო პატიმარი ექსპრეზიდენტის ოჯახმა თხოვნაზე, რომ კლინიკას ამერიკელი ექიმის, ჯეიმს კობის პაციენტის ერთჯერადად მონახულების უფლება მისცემოდა.

ასევე ნახეთ სააკაშვილი „ვივამედის" ხელმძღვანელს მიმართავს, ამერიკელ ექიმს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების საშუალება მისცეს

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები თუ დეპუტატები, რომლებიც მასთან შესვლას ახერხებენ, ყოველ ჯერზე აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს ძალიან სუსტად გრძნობს, საწოლიდან ვეღარ დგება, უჭირს სიარული, კომუნიკაცია და პერიოდულად, ჯერაც დაუდგენელი მიზეზებით, მაღალი სიცხე აღენიშნება.

პატიმრის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დ’ანჯელომ რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება“, ხოლო ასეთ პირობებში, უსაფუძვლოდ ჭიანურდება დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის მოწვეული მაღალი დონის ექიმებისთვის საქმიანიბის ლიცენზიისა და შესაბამისად - ექსპერტიზის ჩატარების უფლების მოპოვება. ადვოკატი მასიმო დ’ანჯელო საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ამერიკელ ექიმ ჯეიმს კობიზე, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია. ​

ადვოკატი დ’ანჯელო ამბობს, რომ „სერიოზული კითხვებია ადამიანის საერთაშორისო უფლებების დარღვევის ხასიათთან მიმართებით, რომელიც ამ საქმის ცენტრალური საკითხია“.

ასევე ნახეთ მასიმო დ'ანჯელო - "ის უკრაინის მოქალაქეა და ის იყო დიპლომატიური იმუნიტეტის სუბიექტი"

ვინ არის ჯეიმს კობი?

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ცნობების თანახმად: ჯეიმს კობი ქირურგი, ტრავმატოლოგ-ორთოპედია, რომელიც ასევე მოღვაწეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში და მისი სპეციალიზაცია მოიცავს ხერხემლისა და სახსრების სერიოზული ტრავმების მკურნალობას.
კობი ადამიანის უფლებების დამცველადაც არის ცნობილი და მოიხსენიება მოხალისე-ექსპერტად მოძრაობისა „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის“. 1997 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მან მიიღო ნაშრომისთვის, რომელიც სახმელეთო ნაღმების გაუვნებელყოფას შეეხება და ეს ნაშრომი მძლავრ საერთაშორისო კამპანას დაედო საფუძვლად. ის მსახურობდა ამერიკის არმიაში, სადაც პრევენციული მედიცინის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მიღებული აქვს ჯილდო და მაიორის წოდება.

საქართველოში ჩამოსული ცნობილი ექიმი ჯეიმს კობი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლებას უკვე კვირაზე მეტია ელოდება. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 3 ოქტომბერს განმარტა, კობისთვის ნათქვამი უარი "არასრულყოფილი" დოკუმენტაციით იყო განპირობებული, თუმცა ადვოკატები და ცენტრი „ემპათია“ საპირისპიროზე ლაპარაკობენ.

  • ცენტრმა "ემპათიამ“ 2022 წლის 6 ივნისს მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს უცხო ქვეყნის სპეციალისტების, ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისათვის, საქართველოში დროებით, 6 თვით, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.
  • ჯანდაცვის სამინისტროს 4 ოქტომბრის განმარტებით, "ემპათიის" მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არ იყო ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ისინი ამის გამო ვერ ახერხებენ ამ დრომდე სააკაშვილის მონახულებას, დანარჩენ სამ ექსპერტს კი, უკვე მინიჭებული აქვს 6 თვით საექიმო საქმიანობის უფლება.

ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 7 ოქტომბერს გაიმართა რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა, რომელიც „ასევე გასცემს დროებით საექიმო ნებართვებსაც“, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს, გადიოდა თუ არა საბჭოს სხდომაზე ექიმ კობის საკითხიც.

სააკაშვილთან ექიმ კობის შეშვების მითხოვნით 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა.

ასევე ნახეთ საექიმო საქმიანობის ლიცენზიისთვის დოკუმენტაცია არასრული იყო - აზარაშვილი სააკაშვილთან ექსპერტის შეშვებაზე
ასევე ნახეთ რეგულირების სააგენტო სააკაშვილთან ექსპერტების დაშვებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი უკვე მოინახულა საქართველოში დამოუკიდებელი ექსპერტიზისთვის მოწვეულმა რამდენიმე უხოელმა სპეციალისტმა.

ადვოკატები დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას აუცილებელ დოკუმენტად თვლიან იმისათვის, რომ სასჯელის გადავადების მიზანს მიაღწიონ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ექსპერტები და ადვოკატები მის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებას ხედავენ.

საქართველოს სახელმწიფო ამ ეტაპზე არ თვლის, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობის მნიშვნელოვნად დამძიმდა და მისი მკურნალობისთვის სასჯელის გადავადებაა საჭირო. მათი განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობაზე მთავრობა საიმედოდ ზრუნავს.

„ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული, ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილის, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ... უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი“, - თქვა 6 ოქტომბერს „ქათული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

რა ხდება სასჯელის გადავადებაზე?

მიხეილ სააკაშვილის ქართველი ადვოკატი ვალერი გელბახიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესულმა უცხოელმა ექიმებმა უკვე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს და საჭირო სინჯებიც აიღეს.

„ალბათ, ერთი კვირის ფარგლებში უკვე დასრულებული იქნება მტკიცებულებების მოგროვება, გვექნება დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაც და მივმართავთ სასამართლოს, რომ მოხდეს ჯანმრთელობის მდომარეობის გამო სასჯელის დროებითი გადავადება...

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ვფიქრობ, ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში თუ არ მოხდება მისი გადაყვანა სამკურნალოდ, მდგომერეობა იმდენად გაუარესდება, რომ პასუხისმგებელი პირები მიხვდებიან, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის შეცდომა დაუშვეს“, - გვეუბნება გელბახიანი და აზუსტებს, რომ შესაძლოა, ეს საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

მანამდე, ადვოკატები მოელოდნენ, რომ სასამართლო სხდომა აგვისტოში ჩატარდებოდა.

ასევე ნახეთ „საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები" - წერს სააკაშვილი დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე

უკრაინისთვის გადაცემა?

7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დროებითი გადაცემა მოითხოვა, გარკვეულ საქმეზე დაზარალებულის სტატუსით გამოიკითხვის მიზნით.

ვალერი გელბახიანი გვეუბნება, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არა აქვს ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნასთან, რაც კვლავ რჩება ქართველი ადვოკატების მთავარ ამოცანად. უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება, გელბახიანის განმარტებით, „ცალკე სამართლებრივი პლატფორმაა“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც „სამართლებრივი ურთიერთდახმარების“ ნორმების შესაბამისად, მომხდარა დაზარალებულებისა თუ მოწმეების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანა.

ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ პატიმარი გადაუყვანიათ საქართველოდან? გელბახიანი გვპასუხობს, რომ ასეთი პრეცედენტი არ ახსენდება, მაგრამ სტატუსს მნიშვნელობა არა აქვს და სავსებით შესაძლებელია, "საერთაშორისო კონვენციებსა და სახელმწიფოთა შეთანხმებებზე" დაყრდნობით.

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ ეს საკითხი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გადასაწყვეტი საკითხია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს და გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებიათ.

ასევე ნახეთ ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილის შესახებ უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება

უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში მიექცა და მას არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარები გამოჰპარვია. „კომერსანტს“ მოჰყავს ირაკლი კობახიძის სიტყვები, რომ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მოთხოვნა „პოლიტიკური თამაშია“ და რომ ეს „არის გამორიცხული“. კობახიძემ წარსულიც გაიხსენა.

„საქართველოს ხელისუფლებას წლების განმავლობაში გვქონდა გაგზავნილი მოთხოვნა, მისი გადმოცემის თაობაზე და წლები ეს მოთხოვნა იყო უგულებელყოფილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ახლა რაღაცა ფორმალური საბაბით ამ მოთხოვნის გამოგზავნა არის ერთგვარი პოლიტიკური თამაში და ბუნებრივია ამ თამაშს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ვერ ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 6 ოქტომბერს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც და საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზეა.

1 ოქტომბერს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.