ჭურვების დაშენის შედეგად დაზიანდა ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურთან დამაკავშირებელი ელექტროხაზი

უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

საარტილერიო ცეცხლის დაშენის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ელექტროენერგიას აწვდიდა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ რეაქტორს, განაცხადა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) და განაცხადა, რომ მისი დირექტორი მოსკოვში მომავალი კვირის დასაწყისში გაემგზავრება.

ცეცხლის დაშენის შემდეგ, გაგრილების სისტემის ასამუშავებლად, რეაქტორი ელექტროენერგიას იღებს თავის საგანგებო დიზელის გენერატორებიდან, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 7 ოქტომბერს. გაეროს ბირთვულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მან ინფორმაცია 6 ოქტომბერს განხორციელებული დაბომბვის შესახებ მიიღო უკრაინული პერსონალის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლისგან.

სააგენტომ განაცხადა, რომ ინციდენტმა "კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული უსაფრთხოების არასტაბილურ მდგომარეობას".

სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი 6 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა კიევში და მათ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების გარშემო ისაუბრეს.

გროსი მომავალ კვირაში აპირებს მოსკოვს ეწვიოს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან მალევე დაიკავეს რუსეთის ჯარებმა. მას უკრაინის პერსონალი მართავს.

5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, რომლის თანახმად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადადის.