ყირიმის ხიდზე, რომელზეც დღეს აფეთქება მოხდა, ნაწილობრივ აღდგა მოძრაობა

მსუბუქი ავტომანქანებისა და ავტობუსებისთვის აღდგა მოძრაობა ყირიმის ხიდზე, რომელიც შაბათს დილით დაზიანდა აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გაუშვებენ შემოწმების სრული პროცედურის გავლის შემდეგ.

მოძრაობა შესაძლებელია საავტომობილო ხიდის დაუზიანებელ ნაწილზე. ეს მისი სიგანის დაახლოებით ნახევარია. სატვირთო მანქანებს ჯერჯერობით არ უშვებენ ხიდზე. აქსიონოვის სიტყვებით, მათ გაგზავნიან ქერჩის საბორნე გადასასვლელზე, რომელიც ჯერჯერობით არ მუშაობს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ დღეს საღამოს ყირიმის ხიდზე უნდა განახლდეს სარკინიგზო მიმოსვლა. როგორც ამტკიცებენ, პეტერბურგიდან და მოსკოვიდან სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში მიმავალი მატარებლები გრაფიკის მიხედვით გაემგზავრება. ყირიმის ქალაქებიდან უკვე გაემგზავრა მატარებლები მოსკოვსა და პეტერბურგში.

ქერჩის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს დილით მოხდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს ცეცხლმოდებული გზა, ხანძარი სატვირთო მატარებელზე, საავტომობილო ხიდის ნაწილი ჩანგრეულია. ხიდზე მოძრაობა მთლიანად შეაჩერეს. ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა. ამის შედეგად ცეცხლი მოედო მატარებელს, რომელსაც საწვავით დატვირთული ცისტერნები გადაჰქონდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ჯერჯერობით არავის უკისრია აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა. უკრაინის წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევენ, ვინაიდან ის გამოიყენება ყირიმში და სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარების მოსამარაგებლად. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე პუბლიკაციაში მოიწონეს მომხდარი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერში დაწერა: „ყირიმი, ხიდი დასაწყისია. უკანონო რაც არის, ყველაფერი უნდა დაინგრეს. ყველაფერი, რაც მოპარულია, უნდა დაუბრუნდეს უკრაინას. რუსული საოკუპაციო რაც არის, ყველაფერი უნდა განიდევნოს.“

მოგვიანებით იმავე პოდოლიაკმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ხიდი რუსეთის სპეცსამსახურებმა ააფეთქეს მოსკოვში ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლის ფარგლებში.

გაზეთმა Washington Post-მა უკრაინის ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ აფეთქება შესაძლოა უკრაინის უშიშროების სამსახურის მოწყობილია. ასეთივე აზრი გამოთქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ, რომელიც მიესალმა აფეთქებას. უკრაინის უშიშროების სამსახურმა უარი თქვა ამ მოსაზრების კომენტირებაზე. „ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ. აფეთქებებში უკრაინის უშიშროების სამსახურის ან უკრაინის ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს როლზე კომენტარებს ჩვენი საბოლოო გამარჯვების შემდეგ გავაკეთებთ,“ აღნიშნა უწყების წარმომადგენელმა არტიომ დეხტიარენკომ.