დიდ დიღომში ქალის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდ დიღომში ქალის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად 9 ოქტომბერს წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ოქტომბერს თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკებისას ქალს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.