როგორ დაიცავს ზელენსკი უკრაინის ცას

Georgia -- Volodymyr Zelensky IRIS from Germany

რუსეთი განაგრძობს 10 ოქტომბერს დაწყებულ უკრაინის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის დაბომბვას ფრთოსანი რაკეტებითა და ირანული კამიკაძე-დრონებით. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იერიში მიაქვთ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კასპიისა და შავ ზღვებზე განთავსებული რაკეტმზიდებიდან, სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებიდან და რუსეთში მდებარე სამხედრო ბაზებიდან, კამიკაძე დრონებს კი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უშვებენ.

მოსკოვის მხრიდან ომის წარმოების ტაქტიკის ცვლილების პასუხად, უკრაინის ხელისუფლებამ დასავლელი პარტნიორებისგან საჰაერო-თავდაცვის თანამედროვე საშუალებების მიწოდება მოითხოვა.

”უკრაინამ შეძლო რუსეთის თავდასხმების უმეტესობის მოგერიება, მაგრამ უახლოეს კვირებში უნდა ველოდოთ რუსეთის სარაკეტო იერიშების ზრდას უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, - განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ საუბარში, - ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველა ის საშუალება, რომელიც უკრაინელებს სჭირდებათ რუსეთის სარაკეტო იერიშების მოსაგერიებლად.“

ანდერს ფოგ რასმუსენი

  • 12 ოქტომბერს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, 8 კი დაიჭრა. ასევე დაიბომბა ენერგეტიკის ობიექტები სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
  • 11 ოქტომბერს რუსეთის არმიამ გამოიყენა X-101/X-555-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები (გაშვებული სტრატეგიული ავიაციის Ту-95МС თვითმფრინავებიდან), „კალიბრის“ ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები და ირანული კამიკაძე დრონები Shahed-136. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო 20 რაკეტა და 13 დრონი.
  • 10 ოქტომბერს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე რუსეთმა 84 რაკეტა და 24 დრონი გაუშვა. დაიღუპა 19, დაიჭრა 105 ადამიანი. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ასობით დასახლებულ პუნქტს. უპილოტო თვითმფრინავების ხშირი გამოყენება ადასტურებს დასავლელი ექსპერტების შეფასებას იმის შესახებ, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი თითქმის ამოწურულია.
Shahed-136 - უკრაინაში ამ უპილოტო თვითმფრინავის გამოჩენაზე პირველად 13 სექტემბერს ალაპარაკდნენ, როდესაც ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუპიანსკის მახლობლად უჩვეულო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს წარწერით „Герань-2“. ნამსხვრევების მიხედვით, „Герань“ ძალიან ჰგავდა ირანულ Shahed-136 კამიკაძე-დრონს, რომელსაც უკრაინაში ხმის გამო “მოპედები” შეარქვეს.
ის, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებით ამარაგებს, ადრეც იყო ცნობილი. ორი კვირით ადრე, ამერიკული მედია დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ 19 აგვისტოს ირანმა რუსეთს გადასცა დრონები „მოჰაჯერ-6“, „შაჰედ-129“ და „შაჰედ-191“, რომლებიც განკუთვნილი იყო დაზვერვის, მიზნის კორექციის, თვალთვალისა და მიწაზე იერიშისთვის.

უპილოტო თვითმფრინავების ხშირი გამოყენება ადასტურებს დასავლელი ექსპერტების შეფასებას იმის შესახებ, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი თითქმის ამოწურულია.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, ისროლეს "ისკანდერის" მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტები ნიჟნი ნოვგოროდიდან და შავ ზღვაში მყოფი რაკეტმზიდებიდან, ირანული დრონები კი უკრაინაში შეფრინდნენ ყირიმიდან და ბელარუსიდან. დაიბომბა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მაღალსართულიანი შენობები, საცხოვრებელი სახლები, სასურსათო ბაზარი და სკოლის შენობა.

ყინული დაიძრა?

12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ დაიწყო საჰაერო დაცვის ახალი ეპოქა.

„IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქ არის, NASAMS-ები აშშ-იდან მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია. მეტი გვჭირდება. ეჭვი არ არის, რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა და უკრაინის თავზე ცის დაცვა მორალური იმპერატივია, რომ ჩვენი ხალხი გადავარჩინოთ.“

უკრაინისათვის IRIS-T SLM-ის კომპლექსის გადაცემა მხოლოდ ნაწილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ქრისტინე ლამბრეხტის 1 ოქტომბრის დაპირებისა, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ გერმანიიდან უნდა მიიღოს 4 ასეთი კომპლექსი.

IRIS-T SLM - ეს არის IRIS-T-ის, მოკლე დისტანციის ჰაერო-ჰაერი სისტემის რაკეტის მოდიფიცირებული ვარიანტი (მიწა-ჰაერი), რომელიც აღჭურვილია ავტომატური დამიზნების ცივი ინფრაწითელი თავით. IRIS-T SLM-ის მართვად რაკეტებს შეუძლიათ ჩამოაგდონ საჰაერო სამიზნეები - თვითმფრინავები, ვერტმფრენები და რაკეტები 40 კილომეტრამდე მანძილსა და 20 კილომეტრამდე სიმაღლეზე. IRIS-T SLM იყენებს უახლესი თაობის რადარს და შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით მფრინავი განსხვავებული სამიზნეების განადგურება.

ქრისტინე ლამბრეხტი და ოლეკსი რეზნიკოვი

რუსული რაკეტებით უკრაინის დაბომბვის შოკისმომგვრელი კადრების გავრცელების შემდეგ, გერმანიის მმართველმა კოალიციამ მთავრობას უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა. ასეთი მიმართვა გააკეთა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) წარმომადგენელმა მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანმა, რომელსაც დაეთანხმა ანტონ ჰოფრაიტერი, ევროკავშირის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი (დეპუტატი პარტიიდან „კავშირი 90/“მწვანეები“).

”ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ”, - განაცხადა მან.

უკრაინისათვის დახმარების გაზრდის მსგავსი მოწოდებები გაისმის არა მხოლოდ ბერლინიდან, თვითონ კიევი კი ნატოსა და G-7-ის წევრი ქვეყნებისგან ახალი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მოითხოვს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ინტეგრირებული იქნებიან ჩვენს თავდაცვის სისტემებთან, - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G-7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც 11 ოქტომბერს საგანგებოდ შეიკრიბნენ უკრაინაზე რუსეთის მიერ მიტანილი მასობრივი სარაკეტო იერიშების განსახილველად.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი განსაკუთრებით დაინტერესებულია საშუალო და შორი მანძილის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიღებით, რაც, მისი თქმით, საშუალებას მისცემს უკრაინას შექმნას რამდენიმესაფეხურიანი თავდაცვის სისტემა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინის საჰაერო ფარი - ეს არის მშვიდობის ჩვენი ფორმულის ელემენტი. როდესაც უკრაინა მიიღებს საკმარისი რაოდენობის თანამედროვე და ეფექტურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რუსული ტერორის მთავარი ელემენტი - სარაკეტო დარტყმები - შეწყვეტს მუშაობას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ასევე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ მინისტრს, მიეწოდებინათ SAMP-T საზენიტო-სარაკეტო სისტემები.

"ჩვენ მოუთმენლად ველით SAMP-T სისტემების მიწოდებას. თუ ეს შესაძლებელია, ისინი საჭირო იქნება უკვე უახლოეს თვეებში", - ხაზგასმით აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

SAMP-T - კომპლექსი განკუთვნილია როგორც მოძრავი მექანიზებული დანაყოფებისა და ჯარების საჰაერო თავდაცვისთვის, აგრეთვე მნიშვნელოვანი სტაციონარული ობიექტების დაცვისთვის ფართო კლასის საჰაერო სამიზნეების მასიური შეტევისგან, მათ შორის ტაქტიკური რაკეტების, ყველა ტიპის თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისგან.
SAMP-T-ის მიზნის აღმოჩენის დიაპაზონი - 80 კმ-მდე, ერთდროულად აღმოჩენილი სამიზნეების რაოდენობა 130-მდე.
"SAMP-T"-ს აქვს მინიმალური რეაქციის დრო და სროლის მაღალი სიჩქარე: 8 რაკეტა 10 წამში.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დამაგრებულია „რენოს“ (Renault) სატვირთო ავტომობილის ძარაზე.

საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებითი საშუალებების გადაცემის დაპირება უკრაინამ ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მიიღო. საუბარია NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემების მიღებაზე აშშ-დან. 2022 წლის სექტემბერში კიევმა მართლაც მიიღო ამერიკიდან NASAMS-ის ორი კომპლექტი, მაღალი მობილურობის სარაკეტო-საარტილერიო კომპლექს HIMARS-ებთან და სლოვაკეთის მიერ დათმობილ S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად, თუმცა, როგორც რუსეთის სარაკეტო და კამიკაძე-დრონების მასირებულმა იერიშებმა აჩვენეს, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა სასწრაფო და მნიშვნელოვან შევსებას საჭიროებს. არადა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 4 ოქტომბერს გამოცხადებულ 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტში, არ შედის საჰაერო თავდაცვის ახალი საშუალებები. დახმარების პაკეტი ფოკუსირებულია მაღალი სიზუსტის საარტილერიო და სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული კონტრიერიშის ფონზე.

კიევმა მხოლოდ ნოემბერში უნდა მიიღოს კომპანია Raytheon-ის მიერ წარმოებული ორი გაუმჯობესებული საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს უპილოტო თვითმფრინავები, რაკეტები და ვერტმფრენები, რაც ასე მნიშვნელოვანია უკრაინისათვის.

NASAMS - მოძრავ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეუძლია ერთდროულად გაანადგუროს 72 სამიზნე, მათ შორის: დრონები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები და ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები.
NASAMS აღჭურვილია სამი გამშვებით, რომელთაგან თითოეული ატარებს 6-მდე მზა რაკეტას სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერებით. გამშვებს შეუძლია ექვსი AIM-120 AMRAAM რაკეტის გასროლა რამდენიმე წამში ექვსი სხვადასხვა სამიზნის მიმართულებით. ყველა რაკეტის გასროლა შესაძლებელია 12 წამში.
NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები:
დიაპაზონი 2,5-დან 40 კმ-მდე
სამიზნის სიმაღლე 30 მ-დან 21 კმ-მდე
რეაგირების დრო – 10 წმ
განლაგების/დაშლის დრო – 15/3 წთ
სიჩქარე 1000 მ/წმ-მდე

როგორც ჩანს, 10-12 ოქტომბრის სარაკეტო იერიშებმა მკვეთრად შეცვალა უკრაინისათვის დახმარების მორიგი პაკეტის ვადები. უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფი (ე.წ. „Rammstein-6 - ის ფორმატი“ 50 ქვეყნის მონაწილეობით), რომელიც ბრიუსელში შეიკრიბა რუსეთის სარაკეტო იერიშზე რეაგირებისათვის, შემჭიდროებულ ვადებში აპირებს გააძლიეროს უკრაინის საჰაერო-თავდაცვის სისტემა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი "რამშტაინ-6"-ის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე ბრიუსელში, 12 ოქტობმერი, 2002 წ.

„დასავლური სახელმწიფოები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას მისი თავდაცვის გაძლიერების მიზნით როგორც ახლა, ასევე მომავალში“, - ამის შესახებ განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 12 ოქტომბერს, Rammstein-6-ის შეხვედრაზე გამოსვლისას.

„საკონტაქტო ჯგუფი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. საკონტაქტო ჯგუფი კვლავინდებურად ერთიანი და მტკიცეა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას როგორც მიმდინარე, გადაუდებელი საჭიროებების, ასევე შორეული პერსპექტივისთვის“, - განაცხადა ოსტინმა, რომლის თქმითაც, ამჟამად დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ახალი ინვესტიციების მოზიდვას თავდაცვის ინდუსტრიაში, რათა გააგრძელონ უკრაინის დახმარება და შეავსონ იარაღის საკუთარი მარაგები.

ლოიდ ოსტინი და ოლეკსი რეზნიკოვი

ბრიუსელში უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო ჯგუფის შეკრების მსვლელობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა შესაძლოა უკრაინას გადასცეს სამი ერთეული LRU M270 სარაკეტო სისტემა, რომელიც HIMARS-ის განახლებული ანალოგია.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ასევე დებს პირობას, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას გადასცემს ახალ თვითმავალ ჰაუბიცებს და სარაკეტო დანადგარებს MARS II -ს - ასევე HIMARS-ის მუხლუხებიან ანალოგს.

"კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს დახმარებას. მომდევნო რამდენიმე კვირაში ახალი PzH2000 და MARS II გადაეცემა უკრაინას", - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მიერ ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც არ არის დაზუსტებულ რამდენ ერთეულ „მარსსა“ და თვითმავალ ჰაუბიცაზეა საუბარი.

თუმცა, ევროპაში ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი (1993-1997 წწ), აშშ-ს არმიის გადამდგარი გენერალი ჯორჯ ჯოულვენი ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების დაგეგმვისას საჭიროა დასავლეთმა უფრო დეტალურად გაიაზროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების ვარიანტები.

„საჭიროა საჰაერო ფარი, როგორიცაა ისრაელის „რკინის გუმბათი“ ან სხვა გზა რუსების უპირატესობის აღმოსაფხვრელად. ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ უკრაინელებს სჭირდებათ საშუალებები როგორც საჰაერო, ასევე საარტილერიო თავდასხმების მოსაგერიებლად“, - განაცხადა გენერალმა ჯორჯ ჯოულვენმა CNN-ზე გამოსვლისას.