კრემლში აცხადებენ, რომ ერდოან-პუტინის შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომზე არ უმსჯელიათ

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლის თანახმად, 13 ოქტომბერს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს ასტანაში უკრაინაში მიმდინარე ომზე არ უმსჯელიათ. "შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოწესრიგება რა განხილულა", - მოჰყავს კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის სიტყვები სააგენტო "რია-ნოვოსტის".

კრემლის ამ ცნობაზე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მყისიერი კომენტარი არ გაკეთებულა.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოთქვა მზადყოფნა, შეასრულოს შუამავლის როლი მოსკოვსა და კიევს შორის და განაცხადა, რომ მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, დიპლომატიამ "სამართლიანი მშვიდობით" უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის დასრულების შანსი უნდა შექმნას.

ასევე ნახეთ

პუტინთან შეხვედრის წინ ერდოანი უკრაინაში სისხლისღვრის დასრულებისკენ მოუწოდებს


"ჩვენი მიზანია, სისხლისღვრის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისათვის ხელშეწყობა და არსებული იმპულსის შენარჩუნება, მიუხედავად ადგილებზე არსებული სირთულეებისა", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ყაზახეთში, სადაც რეგიონული სამიტი იმართება.
ორი ქვეყნის ლიდერები ასტანაში მონაწილეობენ საერთაშორისო ფორუმის (CICA) აზიის ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის ზომების კონფერენციაში.

ნატოს წევრი თურქეთი უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, თავს იკავებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიერთებისგან და კარგ ურთიერთობაშია როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან.

თურქეთში ორჯერ გაიმართა სამშვიდობო მოლაპარაკება მოსკოვსა და კიევს შორის, ბოლოს ორი ქვეყნის დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ მარტში, მაგრამ მას რაიმე შედეგი არ მოუტანია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ პუტინთან, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს, ყოველგვარი მოლაპარაკება შეუძლებელია.