თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს სასამართლომ ჩოგბურთელის მეგობარ ქალს, კარლოტა ჰელენა ფონდერლინდს მოუსმინა, რომელიც 2020 წლის 21 მაისს ავჭალაში იყო, როცა ბასილაშვილსა და მის ყოფილ ცოლს შორის კონფლიქტი მოხდა.
იმ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის საერთო შვილი, ლუკასი ავჭალაში სახლში იყო, თუმცა მოწმე ამბობს, რომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოწმის მონაყოლის მიხედვით, ნელი დოროყაშვილს არ მოეწონა, რომ მათ ერთმანეთი გაიცნეს.
"ლუკასს მხოლოდ ერთხელ შევხვდი, ნელის არ მოსწონდა ლუკასი რომ გავიცანი, ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა. როდესაც ლუკასი სახლში წავიდა, ნელიმ დაურეკა და უყვიროდა. ნიკამ მითხრა, რომ ნელიმ გადმომცა, არ სჭირდებოდა "მეორე დედა". ამიტომაც დავრჩი ტერასაზე და მათ ნება მივეცი ერთად გაეტარებინათ დრო", - თქვა მოწმემ სასამართლო სხდომაზე.
კარლოტა ჰელენა ფონდერლინდმა თქვა, რომ ნელი დოროყაშვილი ავჭალის სახლში მაშინ მივიდა, როცა ისიც სახლში, მესამე სართულის ვერანდაზე იყო და რუჯს იღებდა. მისი თქმით, დოროყაშვილის მისვლის შემდეგ ბასილაშვილმა შვილი მანქანაში ჩასვა.
"ნელი მანქანამდე გაჰყვა, უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდა ნელი, ყვირილი დაიწყო აგრესიულად და მანქანის კარის ჯაჯგური... ნელი წავიდა ნიკას დედისკენ, ნატალიასკენ და დაუწყო ყვირილი. შემდეგ შებრუნდა მანქანისკენ და დაიწყო ისევ მანქანის კარის ჯაჯგური...
ნიკამ ამიხსნა, რომ ნელი პროვოკაციის მიზნით მოვიდა და შეურაცხყოფა მიაყენა ნატოს [ბასილაშვილის დედას]. ნიკას ძმას, თენგიზს ტელეფონზე დავურეკე, რადგან ნატოს გამო შემეშინდა და მინდოდა გვერდით ჰყოლოდა", - თქვა მოწმემ.
ასევე ნახეთ ბასილაშვილის ძმის ჩვენება სასამართლოში ყოფილი რძლის წინააღმდეგმისივე მონაყოლის მიხედვით, ამ კონფლიქტის შემდეგ ის და ბასილაშვილი "ქინგ დევიდის" საცხოვრებელ კომპლექსში წავიდნენ, სადაც ჩოგბურთელს ბინა აქვს. ქალი იხსენებს, რომ ბასილაშვილს ინციდენტის გამო პოლიციაში უნდოდა წასვლა.
"ნიკა წავიდა პოლიციაში და მისმა რძალმა მომაკითხა, ჩვენ გავისეირნეთ. ნიკას დაბრუნებას ველოდებოდი, მაგრამ არ დაბრუნდა. ავნერვიულდი. დავბრუნდი "ქინგ დევიდში" და დავიწყე საჭმლის მომზადება. ნიკა ისევ არ დაბრუნდა და ავღელდი - მაშინ ისეთი წესი ["კომენდანტის საათი"] იყო, რომ 9-ის მერე მანქანა არ უნდა გეტარებინა.
თენგომ დამირეკა ღამით, ნიკა დაიჭირესო და მკითხა, რა მოხდა ავჭალაშიო. ორივემ ვერ გავიგეთ, რა მოხდა... გავიგე, რომ ნიკა ძალადობისთვის დაიჭირეს, ამიტომ პოლიციაში წასვლა გადავწყვიტე, ჩვენება რომ მიმეცა, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, რომ იმ ეტაპზე ეს არ იყო საჭირო", - თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარმა ქალმა.
ასევე ნახეთ ბასილაშვილი დოროყაშვილზე: დარიგებული იყო, რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყონიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.