მმართველი პარტიის დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, "ნაციონალური მოძრაობისთვის" 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის დაბრალება, "დიდი სისულელე" იყო. ამის შესახებ დეპუტატმა განაცხადა პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის პასუხად.
"ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის დაბრალება თქვენთვის, დაბრალება უაპელაციოდ, "ქართული ოცნების" წევრმა დაგაბრალათ თუ ვინ დაგაბრალათ, გეთანხმებით, ვინც ეს პირველმა დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე. გულწრფელად ვამბობ. მსგავსი სიტუაციებით მანიპულირება არ შეიძლება. სისულელე თქვა იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა. მაგრამ, ისეთები გქონდათ გაკეთებული, ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო. დღეს თქვენ იგივენაირად, უსაფუძვლოდ იშვერთ ხელს და არავის არ სჯერა იმიტომ, რომ ამის გამკეთებელი, ხელის დამფარებელი და ა.შ. არავინ არ არის", - თქვა ბექა დავითულიანმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის შადრევანში დენის დარტყმით დაღუპვაზე საუბრისას თქვა, რომ არავინ "ნადირობს" ტრაგედიაზე და სახელისუფლებო პარტიას ბარბარე რაფალიანცის საქმე გაახსენა.
ასევე ნახეთ ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაღუპული 13 წლის გოგო დაკრძალეს"გაგახსენეთ თქვენს "ნადირობას" ტრაგედიაზე. გახსოვთ, ბარბარე რაფალიანცის საქმე; გახსოვთ, რა ხდებოდა და რა განცხადებებს აკეთებდნენ თქვენი ლიდერები?! ბევრს შეიძლება არ გახსოვთ იმიტომ, რომ მაშინ "ქართული ოცნების" წევრები არ იყავით და ბევრი თქვენთაგანი "ხუთიანს" ხაზავდით. შეგახსენებთ, როგორ იდგნენ თითოეულ საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და როგორ ეუბნებოდნენ ხალხს, რომ ესენი ["ნაციონალური მოძრაობა"] მკვლელები არიან და არ შემოხაზოთ "ხუთიანი". 10 წელია ხელისუფლებაში ხართ, რამე შედეგი დადო გამოძიებამ?" - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
10 თვის ბარბარე რაფალიანცი ოჯახის წევრებმა 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. იმავე ღამით გურჯაანის მაშინდელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" მანანა ბერიკაშვილმა თავისი ოპონენტი, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა ბავშვის პოლიტიკური ნიშნით მკვლელობაში. გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია, იკვეთებოდა თუ არა ვინმეს დანაშაული ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის საქმეში.