„რუსული ძალები განაგრძობენ უკან დახევას ხერსონის ოლქის დასავლეთიდან და ემზადებიან მანევრირებული თავდაცვისთვის“, - ნათქვამია ომის შესწავლელი ამერიკული ინსტიტუტის(ISW) ყოველდღიურ მოხსენებაში. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დატოვეს სოფლები ჩარივნოე და ჩკალოვო, ქალაქ ბერისლავიდან კი ოფიცრებისა და მედიკოსების ევაკუაცია განხორციელდა. ხერსონი დატოვა მოსახლეობის ნაწილმაც.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთები ემზადებიან მოწინააღმდეგის შეკავებისათვის: ნოვა-კახოვკის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ კაშხლის ჩამონგრევის რისკის გამო, კახოვკის წყალსაცავმა გაზარდა წყლის ხარჯის მოცულობა. ISW-მ არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა უკან დახევის დროს შეიძლება ააფეთქონ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რაც გამოიწვევს რეგიონის დიდი ნაწილის დატბორვას.
22 ოქტომბერს საოკუპაციო ხელისუფლებამ ხერსონის ყველა მცხოვრებელს უბრძანა, დაეტოვებინა ქალაქი - "ფრონტზე დაძაბული სიტუაციის, ქალაქის მასობრივი დაბომბვისა და ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო". ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევისას, რუსეთი ცდილობს დატოვოს სოფლები და ქალაქები მოსახლეობის გარეშე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს უკრაინის მიერ გათავისუფლებული რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ პოტენციალზე.
გარდა ამისა, ინსტიტუტის ექსპერტები წერენ, რომ რუსეთის მასობრივი დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, რაც ორი კვირაა გრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენს უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებაზე, მაგრამ ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მზარდ საფრთხეს წარმოადგენს სეზონური აცივების გათვალისწინებით.