სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს ჩინეთის კომპარტიის გენმდივნად

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის XX ყრილობამ, რომელიც 23 ოქტომბერს დასრულდა, მხარი დაუჭირა გენერალური მდივნის პოსტზე სი ძინპინის ხელახალ, მესამე 5-წლიანი ვადით არჩევას.

ყრილობამ ასევე დაამტკიცა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალი შემადგენლობა. სიაში არ მოხვდა პოლიტბიუროს ამჟამინდელი მუდმივი კომიტეტის შვიდი წევრიდან ოთხი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი.

ჩინეთის ყოფილი ლიდერი, 79 წლის ჰუ ჯინტაო, რომელიც ასევე ესწრებოდა ყრილობას, სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს სი ძინპინის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, რამაც გამოიწვია მითქმა-მოთქმა მისი დევნისა და შესაძლო დაპატიმრების შესახებ, თუმცა პეკინის ოფიციალური განმარტებით, „ყოფილი გენერალური მდივანი თავს ცუდად გრძნობდა და თანაშემწეები დაეხმარნენ დარბაზის დატოვებაში“.

ასევე ნახეთ საით წავა ჩინეთი - რა ხდება ჩინეთის კომპარტიის XX ყრილობაზე?

თავის ორსაათიან მოხსენებაში სი ძინპინმა მონიშნა ჩინეთის განვითარების გეგმა 2022-2035 წლებისთვის, ისაუბრა ეკონომიკის განვითარებაზე, განათლებაზე, მრეწველობის მოდერნიზაციასა და „მწვანე“ ენერგიაზე გადასვლაზე.

ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისათვის, მაგრამ ასევე მზად არის, გამოიყენოს ძალა საჭიროების შემთხვევაში.