გრძელდება რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე

უკრაინელი მეხანძრეები აქრობენ რუსეთის თავდასხმით გამოწვეულ ხანძარს. 22 ოქტომბერი

რუსეთმა ახალი, "ფართომასშტაბიანი" სარაკეტო თავდასხმები განახორციელა უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტებზე, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა ელექტროენერგიის გათიშვა, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ საღამოს გამოსვლაში 22 ოქტომბერს.

უკრაინის ხელისუფლების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 1,5 მილიონამდე ოჯახი. თუმცა, ზელენსკის თქმით, რუსეთის რაკეტების და დრონების დიდი ნაწილი ჩამოგდებულ იქნა - ზელენსკიმ გაიმეორა უკრაინის არმიის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ ხმელეთიდან და ზღვიდან გაშვებული 33 რაკეტიდან ჩამოაგდო 18 რაკეტა.

"ცხადია, ჯერჯერობით არ გვაქვს ტექნიკური შესაძლებლობა, ჩამოვაგდოთ რუსეთის საკრუიზო რაკეტების და თავდამსხმელი დრონების 100 პროცენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით ამას თანდათან მივაღწევთ", - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურად უტევს უკრაინის ელექტროენერგიის სადგურებს, წყლის მიწოდების სისტემებს და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მძიმედ დაზიანებულია ქვეყნის ელექტროენერგიის სისტემის 40 პროცენტი, აცხადებს კიევი.