რომის პაპი ფრანცისკე 24 ოქტომბერს ვატიკანში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა და მათ უკრაინაში ომის საკითხი განიხილეს.
85 წლის ფრანცისკე ყავარჯენს ხმარობს მუხლის ტკივილის გამო, თუმცა თავი მხნედ ეჭირა მაკრონთან საუბრისა და ფოტოების გადაღებისას სტუმართან და მის ცოლთან, ბრიჟიტთან ერთად.
ფრანცისკემ და მაკრონმა განიხილეს "კონფლიქტი უკრაინაში და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ჰუმანიტარულ ვითარებას", - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში, რომელშიც ასევე წერია: "განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კავკასიის რეგიონს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას".
პრეზიდენტის რანგში ვატიკანში მესამე ვიზიტისას, მაკრონი პაპის სასახლის მორთულ დერეფნებში შვეიცარიელმა გვარდიელებმა გააცილეს. მან ფრანცისკეს გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის 1796 წელს დაწერილი ნაშრომის - "მარადიული მშვიდობისკენ" (Zum ewigen Frieden) - პირველი ფრანგულენოვანი გამოცემის ასლი აჩუქა.
მაკრონი რომში იმყოფება მშვიდობის შესახებ რელიგიათაშორის სამიტზე. პირველად ის ფრანცისკეს 2018 წლის ივნისში შეხვდა ვატიკანში, ხოლო მეორედ ერთი წლის წინ, 2021 წლის ნოემბერში.