თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც გამოძიება თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ყუმბარის აფეთქებას ედავება. მოსამართლე კარლო კოპალიანმა გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა.
ლევან მარტიაშვილის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა ყუმბარა ნამდვილი იყო თუ არა და პოლიციაში მიტანას გეგმავდა. უფლებადამცველმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მარტიაშვილს იმ დღეს თავს დაესხა სამი ადამიანი, რომლებსაც მის მეგობართან ჰქონდათ პრობლემა და მათი ამ მოწყობილობით შეშინება უნდოდა.
"იგი აპირებდა ამ მოწყობილობის შესაბამის განყოფილებაში მიტანას, არ იცოდა ნამდვილი იყო თუ არა. მიტანამდე რამდენიმე ხნით ადრე ხორციელდება მასზე თავდასხმა. როდესაც მასზე თავდასხმა ხორციელდება, შეშინების მიზნით როდესაც ამოიღო, ამ ჭიდაობის დროს თავი გასძვრა. მიუხედავად იმისა, რომ გაიაზრა მან ნამდვილი ყოფილიყო, იმავე მანქანის ქვეშ შეაგორა, რომელშიც თვითონაც იჯდა. თავისი სიცოცხლეც სასწორზე დადო, თუმცა ერთადერთი შანსი იყო გადარჩენის", - თქვა ადვოკატმა.
ლაღიძის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, აფეთქება 22 ოქტომბერს, დაახლოებით 11:30 საათისთვის მოხდა. აფეთქების დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მძიმედ.
ასევე ნახეთ ლაღიძის ქუჩაზე 3 ადამიანი დაიჭრა - გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყოსამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
23 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დააკავა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლევან მარტიაშვილი.
ასევე ნახეთ პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ლაღიძის ქუჩაზე ხელყუმბარით დაჭრა სამი ადამიანი