აშშ-ის და ისრაელის პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთისთვის ირანის დრონების მიწოდების საკითხი

კიევზე თავდასხმა დრონით

ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში ირანული წარმოების დრონების გამოყენების საკითხი.

ჰერცოგის თქმით, ირანი მოსკოვს აწვდის იარაღს, რომელსაც მოაქვს "სიკვდილი უკრაინის უდანაშაულო მოქალაქეებისთვის".

ერთი დღით ადრე, ვაშინგტონის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, ისრაელის პრეზიდენტმა წარადგინა ფოტოსურათები, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს იმას, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული დრონები მართლაც ირანული წარმოებისაა.

ირანი და რუსეთი უარყოფენ ამ ინფორმაციას. უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები კი აცხადებენ, რომ დრონები სახელად "გერან-2", რომლებსაც რუსეთის არმია იყენებს, სინამდვილეში არის ირანისგან შესყიდული საფრენი აპარატები "შაჰიდ-136".