რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც უშვებს მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულების გაწვევას სამხედრო სამსახურში, მობილიზაციის ფარგლებში.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება დანაშაულები, რომლებიც 5 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დუმის დეპუტატებმა, ამ გადაწყვეტილებით, ომში წასვლის ნება დართეს ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის ნასამართლევ პირებს.
ახალმიღებული კანონით, კვლავ აკრძალულია ომში იმ პირთა გაგზავნა, რომლებიც სასჯელს იხდიან არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის, ე.წ. ტერორისტული და ექსტრემისტული დანაშაულისთვის, ასევე მძევლების აყვანის, არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ან მასში მონაწილეობის, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო მიზნებისთვის შეიარაღებულ კონფლიქტებსა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
ასევე ნახეთ რუსი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ უკრაინაში საომრად რუსეთის იზოლატორებში ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების გადაბირება მიმდინარეობსამავდროულად, ომში შესაძლოა გაიწვიონ ისინი, ვინც გასამართლებულია ან დროებით მსჯავრს იხდის მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურზე უარისთვის. მაგალითად - დეზერტირობისა და ბრძანების შეუსრულებლობისთვის გასამართლებულები.
უფლებადამცველების მონაცემებით, მობილიზაციის დაწყებიდან სამხედრო კომისარიატებმა უკვე გამოიძახეს მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულები, რითაც კანონით გათვალისწინებულ იმ აკრძალვას არღვევდნენ, რომელი ნორმაც დღეს გააუქმა სახელმწიფო დუმამ.
ასევე ნახეთ გაუჩინარებული რუსი პატიმრის დედა შიშობს, რომ მის ვაჟს აიძულებენ, უკრაინაში იბრძოლოსუკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის იზოლატორებში მყოფ პატიმართა გადაბირებით დაკავებული იყო კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და როგორც გამოცემა "Важные истории" წერდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.
მსჯავრდადებულებმა, რომლებიც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას დათანხმდებიან, 6 თვე უნდა დაყონ ფრონტის წინა ხაზზე, დახვრეტის მუქარით მათ ეკრძალებათ უკან დახევა და ტყვედ ჩაბარება. 6 თვის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილებს შეწყალებას ჰპირდებიან. გამოცემის თანახმად, კერძო სამხედრო კომპანიამ ამ გზით თითქმის 6 ათასი ადამიანი გადაიბირა.
ასევე ნახეთ “უპირატესობას მკვლელებს ანიჭებენ” - უკრაინასთან ომში რუსეთი პატიმრებს აგზავნისრუსეთი უკვე წლებია, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. "ვაგნერის" მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.