ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ის ფიქრობს, რომ ჰელსინკის შეიძლება „უნგრეთის იმედი ჰქონდეს ნატოს [წევრობის] რატიფიკაციის“ პროცესში.
„იმედი მაქვს, ფინურ-უნგრული კავშირები კიდევ უფრო გამყარდება ალიანსის ფარგლებშიც,“ დაწერა ნიინისტომ ტვიტერში.
უნგრეთი და თურქეთი 30-წევრიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი ქვეყნებია, რომლებსაც ჯერ არ მოუწონებიათ შვედეთისა და ფინეთის განაცხადი ნატოს წევრობაზე.
ფინეთსა და შვედეთს ათწლეულების განმავლობაში არ უცდიათ ნატოს წევრობა, მაგრამ მაისში მათ ეს გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა მიმდინარე წლის თებერვალში.
2 ნოემბერსვე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა გამოთქვა პროგნოზი, რომ უნგრეთი ნატოს წევრობის შესახებ მისი ქვეყნის განაცხადსაც მოიწონებს. მისი თქმით, ამის საფუძველს იძლევა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან „საკმაოდ დადებითი საუბარი“.