ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი უკრაინის ქალაქებთან თავდაცვას "დრაკონის კბილებით" ცდილობს

რუსეთმა ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, "დრაკონის კბილები", მარიუპოლის მახლობლად განათავსა 2022 წლის თებერვალშიც

რუსეთმა დამცავი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის გარშემო. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, დამცავი ნაგებობებისთვის ორი ქარხანა აწარმოებს პირამიდის ფორმის, ბეტონის ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს, რომლებსაც „დრაკონის კბილებს“ უწოდებენ.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ეს კონსტრუქციები, როგორც ჩანს, უკვე განათავსეს მარიუპოლსა და სოფელ ნიკოლოსკოეს შორის და მარიუპოლის ჩრდილოეთ ნაწილიდან სოფელ ძველ ყირიმამდე. რუსეთი „დრაკონის კბილებით“ თავდაცვას ამზადებს ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონშიც.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი თავდაცვის ხაზებს ამყარებს უკრაინის ყველა ოკუპირებულ რაიონში. ამ კონტექსტში მოყვანილია კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მფლობელ ევგენი პრიგოჟინის მიერ 19 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებაც, რომ ლუგანსკის ოლქში დაიწყო „ვაგნერის გაძლიერებული ხაზის“ მშენებლობა.

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ეს აქტივობა მიუთითებს, რომ რუსეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ფრონტის ხაზის საკუთარ მხარეს თავდაცვისთვის, რათა გარღვევის შემთხვევაში აღკვეთოს უკრაინის ქვედანაყოფების სწრაფი წინსვლა.