ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს მართავს

იან ლიპავსკი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (მარცხნივ); ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (მარჯვნივ)

ჩეხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში 10 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მისი თქმით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობასა და იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის, ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება, რაც, ერთის მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორეს მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. ამ ურთულეს და გამოწვევებით აღსავსე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უახლოესი პარტნიორების თანადგომას. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი ჩვენი ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, უკრაინაში ომის პარალელურად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ევროპული მხარდაჭერა.

პუტინის საშინელმა უსამართლო ომმა დაგვანახა, რომ ბლოკმა მეტი დახმარება უნდა გაუწიოს საქართველოს, ასევე უკრაინას და მოლდოვას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყეს საქართველო, რომლის პოზიციაც დღევანდელ გეოპოლიტიკურ თამაშში უკიდურესად მგრძნობიარეა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე იან ლიპავსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

იან ლიპავსკის განცხადებით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველომ უნდა განაგრძოს თავისი ძალისხმევა ეფექტური რეფორმების განხორციელების გზით, რაც მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - თქვა ლიპავსკიმ.

მანვე ხაზი გაუსვა პოლიტიკურ სპექტრში არსებულ პოლარიზაციას და აღნიშნა, რომ „საქართველომ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა პოლარიზაციის შესამცირებლად“ იმისათვის, რომ შესრულდეს მიზნები და ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ჩეხეთის საელჩოში შეხვედრა გაიმართა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება.